... (H-403), 1818 წ.

1003. რა მოგეშორვე მას აქათ: სიცოცხლე მამძულვებია჻ თუცა შენ ჩემად არა გცალს: მე შენთვის მამსურვებია჻ შენ უჩემობა ლხინად გჩანს: მე დია მიმჭირვებია჻ ოჴერ სიცოცხლე უშენოდ: სოფელი გამარმებია჻

1004. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი: მოთქმითა შვენიერითა჻ გული დაიღეს დადუმდეს: მივლენ არ თურე მღერითა჻ ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს: ტურფითა ჰაერ ფერითა჻ მელნისა ტბათა მიჯარვით: ბურავს გიშრისა ჭერითა჻

1005. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა: სრა მოკაზმული სრულითა჻ სახელმწიფოთა ყოვლითა: გასაგებლითა სრულითა჻ მონანი ტურფად მოსილნი: წესითა იყვნეს სრულითა჻ შეჰფრფინევდიან ავთანდილს: გულითა სულ წასრულითა჻

1006. შევიდეს და დიდი შექმნეს: ჯალაბობა არ ხალვათი჻ იქით აქათ დიდებულნი: წარიგებით ათჯერ ათი჻ თვით ორნივე ერთგან დასხდეს: ვინმცა ვინ თქვას ქება მათი჻ ბროლ ბალახშსა აშვენებდა: ზოგან მინა ზოგან სათი჻

1007. დასხდეს შეიქმნა პურობა: გაამრავლებდეს მახალსა჻ უმასპინძლებდეს ავთანდილს: ვითა მძახალი მძახალსა჻ მოიღებდიან ჭურჭელსა: ტურფასა ახალ ახალსა჻ მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა: გული მიეცა გლახ ალსა჻

1008. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა: ნადიმი მსმელთა ჯარისა჻ გათენდა ბანეს ავთანდილ: რიცხვი ძეს მუნ ატლასისა჻ შესამოსელი შემოსეს: დრაჰკნისა ბევრ ათასისა჻ შეარტყეს წელთა სარტყელი: დაუდებელი ფასისა჻

1009. ყმამან დაყვნა დღენი რამე: თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა჻ ფრიდონს თანა ნადირობად: გავიდეს და თამაშობდა჻ სწორად ჰჴოცდის შორს და ახლოს: თუ რას ჴელსა მიაპყროდა჻ მისი სროლა მშვილდოსანსა: ყველაკასა აწბილობდა჻

1010. ყმა ფრიდონს ეტყჳს გესმოდეს: ჩემი აწ მონახსენები჻ მე თქუჱენი გაყრა სიკუდილად: მიჩს და მით თავსა ვევნები჻ მაგრა არა მცალს დღე კრულსა: ცეცხლი მე სხვათა მედების჻ გზა გრძელი საქმე სასწრაფო: მიც დია დამეყოვნები჻

1011. მართალ არს შენი გამყრელი: თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა჻ დღეს წაუვალი ვერა ვარ: მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა჻ დგომა მგზავრისა ცთომაა: კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა჻ სადა გინახავს იგი მზე: წამომყევ ზღვისა კიდესა჻

1012. ფრიდონ უთხრა დასაშლელი: ჩემგან არა არ გეთხრობის჻ ვიცი რომე აღარა გცალს: შენ ლახვარი სხვა გესობის჻ წადი ღ~თი გიწინამძღვრებს: შენი მტერი დაემჴობის჻ მაგრა თქჳ თუ უშენობა: ჩემგან ვითა დაითმობის჻

1013. ამას გკადრებ არ ეგების: მარტოსაგან წასლვა შენი჻ თანა ყმათა წამოგატან: იმსახურენ იახლენი჻ აბჯარი და საქონელი: ერთი ჯორი ერთი ცხენი჻ არ წაიტან გაირჯები: ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი჻

1014. მოასხნა ოთხნი მონანი: მისანდობელნი გულითა჻ სრული აბჯარი საკაცო: ქაფითა საბარკულითა჻ სამოცი ლიტრი წითელი: აწონით არ ნაკლულითა჻ ერთი ტაიჭი უებრო: მით უნაგრითა სრულითა჻

1015. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა: საგებელი აუკიდა჻ წავიდა და ფრიდონ შეჯდა: მასთანავე გამოვიდა჻ აწ გაყრისა მომლოდნესა: ედებოდა ცეცხლი ჰსწვიდა჻ მოსთქუამს თუმცა მზე გვიახლა: ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა჻

1016. ზარი მის ყმისა გაყრისა: გაჰჴდა მიეცნეს წუხილსა჻ მოატყდეს მოქალაქენი: ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა჻ ჴმა ძახილისა მათისა: გვანდა ჰაერთა ქუხილსა჻ იტყოდეს მზესა მოვშორდით: მო თვალნი მივსცეთ წუხილსა჻

1017. ქალაქი გავლეს მივიდეს: პირსა დიდისა ზღვისასა჻ მაშინ ფრიდონის ნახულსა: ნასაჯდომევსა მზისასა჻ მუნ დაადენდეს ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა჻ ფრიდონ უამბობს ამბავსა: მის მნათობისა ტყჳსასა჻

1018. აქა მათ ორთა მონათა: მზე მოიყუანეს ნავითა჻ კბილ თეთრი ბაგე ბალახში: სახედავითა შავითა჻ ცხენი გავქუსლე გავაგე: წაგვრა ჴმლითა და მკლავითა჻ შორს მნახეს ადრე გამექცეს: ნავი მფრინველე ჩნდა ვითა჻

1019. მოეხვივნეს ერთმანერთსა: გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი჻ აკოცეს და გაუახლდეს: მათ ორთავე მათნი წვანი჻ გაიყარნეს გაუყრელნი: ძმად ფიცნი და ვითა ძმანი჻ ფრიდონ დადგა ყმა წავიდა: შემხედველთა მკვლელი ტანი჻

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად჻

1020. ყმა მიმავალი მიუბნობს: მზგავსი მთვარისა სრულისა჻ არს თინათინის გონება: მისად სალხენად გულისა჻ იტყჳს მოგშორდი სიცრუვე: ვაი საწუთროსა კრულისა჻ შენ გაქუს წამალი ჩემისა: მამრთელებელი წყლულისა჻

1021. რად სიცხე გულსა ნიადაგ: მწვავს გმირსა სამსალებისა჻ რად გული კლდისა ტინისა: შემქნია სამ სალებისა჻ არ შეუძლია ლახვარსა: დაჩენა სამსა ლებისა჻ შენ ხარ მიზეზი სოფლისა: ასრე გასამსალებისა჻