ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

985. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიჴმობენ ავთანდილობით, მე დიდებულთა დიდგვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, და საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

986. “დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობად გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყუიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, და ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა.

987. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა; მან უჭირველად დაჴოცა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგთა მჴარ თეძო დალეწა და ზოგთა სული ჰჴდებოდა; და მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

988. “მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესჴდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ჴრმალთა, და ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

989. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვჰპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ დასტურობა, და გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

990. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვჰპოვე ვარდი მოყუითანე, შუქ მკრთალი და ფერ მიჴდილი, და შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

991. “ქვაბნი წაუჴმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძუელი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია, და ვაი მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.

992. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ დამდგომი, და მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.

993. “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა, მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა. რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა, და ჰკლავს სურვილი და ვერ ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

994. “ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების; მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდაჴდების; არას ნახავს პირ-მეტყუელსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების. და ვა მე, მისსა მგონებელსა, ვაი მას, ვინცა მისთვის კვდების!

995. “მის ყმისა ცეცხლი მედების, დამწვა ცეცხლითა ცხელითა, შემებრალნეს და გავშმაგდი, გავჴე გულითა ჴელითა; და მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ჴმელითა; შევიქეც, ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.

996. “დავეთხოვე და გამიწყრეს, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა; გამოვიპარე, დავეჴსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა, და აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქათ ბრუნვასა.

997. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვათა მის ყმისა ნაუბარითა; ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა, გულ-ამოსკუნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა, და მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

998. ლაშქართა შიგან შეიქმნა ჴმა ტირილისა დიდისა, ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა. ფრიდონ ტირს, მოთქვამს ჴმა-მაღლად, გაყრილი წლისა შვიდისა: და “უნახობა და სიცრუე, ვაი, საწურთოსა ფლიდისა!”

999. ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო! ჴმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამხმელო, მოახლეთა სალხინოო,სიცოცხლეო, სულთა მდგმელო, და ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!

1000. “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია; თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მამსურვებია; შენ უჩემობა ლხინად გჩანს, მე დია მიმჭირვებია, და ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”

1001. ფრიდონ თქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა; სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა, და მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა.

1002. ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა, საჴელმწიფოთა ყოვლითა გასაგებითა სრულითა; მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყუნეს სრულითა! და შეფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ წასრულითა.

1003. შევიდეს და დიდი შექნეს ჯალაბობა, არ ხალვათი: იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი; თვით ორნივე ერთგან დასჴდეს; ვინცა ვინ თქვას ქება მათი! და ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.

1004. დასჴდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა, უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა, მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ ახალსა, და მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.