... (Q-609), XIX ს.

984. ამას გკადრებ არ ეგების: მარტოსაგან წასლვა შენი: თანა ყმათა ჩამოგატან: იმსახურენ იახლენი: აბჯარი და საქონელი: ერთი ჯორი ერთი ცხენი: არ წაიტან გაირჯები: ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი:

985. მოასხნა ოთხნი მონანი: მისანდობელნი გულითა: სრული აბჯარი საკაცო: ქაფითა საბარკულითა: სამოცი ლიტრი წითელი: აწონით არ ნაკლულითა: ერთი ტაიჭი უებრო: მით უნაგრითა სრულითა:

986. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა: საგებელი აუკიდა: წავიდა და ფრიდონ შეჯდა: მასთანავე გამოვიდა: აწ გაყრისა მომლოდნესა: ედებოდა ცეცხლი სწვიდა: მოსთქვამს თუმცა მზე გვიახლა: ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა:

987. ზარი მის ყმისა გაყრისა: გაჰჴდა მიეცნეს წუხილსა: მოატყდეს მოქალაქენი: ლარსა ვინ ყიდდა თუ ხილსა: ჴმა ძახილისა მათისა: გვანდა აერთა ქუხილსა: იტყოდეს მზესა მოვშორდით: მო თვალნი მივსცეთ წუხილსა:

988. ქალაქი გავლეს მივიდეს: პირსა დიდისა ზღვისასა: მაშინ ფრიდონის ნახულსა: ნასაჯდომევსა მზისასა: მუნ დაადენდეს ნაკადსა: სისხლისა ცრემლთა ტბისასა: ფრიდონ უამბობს ამბავსა: მის მნათობისა ტყვისასა:

989. აქა მათ ორთა მონათა: მზე მოიყვანეს ნავითა: კბილ თეთრი ბაგე ბალახში: სახედავითა შავითა: ცხენი გაუქუსლე გავაგე: წაგვრა ჴლმითა და მკლავითა: შორს მნახეს ადრე გამექცეს: ნავი მფრინველე ჩნდა ვითა:

990. მოეხვივნეს ერთმანერთსა: გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი: აკოცეს და გაუახლდეს: მათ ორთავე მათნი წვანი: გაიყარნეს გაუყრელნი: ძმად ფიცნი და ვითა ძმანი: ფრიდონ დადგა ყმა წავიდა: შემხედველთა მკვლელი ტანი:

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად:

991. ყმა მიმავალი მიუბნობს: მსგავსი მთვარისა სრულისა: არს თინათინის გონება: მისად სალხენად გულისა: იტყვის მოგშორდი სიცრუვე: ვაი საწუთროსა კრულისა: შენ გაქუს წამალი ჩემისა: მამრთელებელი წყლულისა:

992. რად სიცხე გულსა ნიადაგ: მწვავს გმირსა სამსალებისა: რად გული კლდისა ტინისა: შემქნია სამ სალებისა: არ შეუძლია ლახვარსა: დაჩენა სამსა ლებისა: შენ ხარ მიზეზი სოფლისა: ასრე გასამსალებისა:

993. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა: მივა ოთხითა მონითა: წამალსა ტარიელისსა: ეძებს ყოვლითა ღონითა: დღისით და ღამით მტირალი: იღვრების ცრემლთა ფონითა: ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა: მისვე ჩალისა წონითა:

994. სადაცა ნახნის ეუბნის: მგზავრი ზღვის პირსა რებულნი: ჰკითხის მის მზისა ამბავი: დღენი ვლნა გაასებულნი: ქედსა გარდადგეს აქლემნი: აუჩნდა ლარ კიდებულნი: მოქარავნენი ზღვის პირსა: დაყრით დგეს შეჭირვებულნი:

995. მუნ ქარავანი ურიცხვი: მოსდგმოდა ზღვისა კიდესა: შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს: ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა: ყმამან სალამი უბრძანა: ქებასა შეასხმიდესა: კითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ: მათ საუბარი კიდესა:

996. უსამ იყო ქარავნისა: უხუცესი კაცი ბრძენი: მოახსენა ხოტბა სრული: დალოცა და უქნა ზნენი: კადრეს მზეო სიცოცხლე და: შენ ამოხე ჩვენი მლხენი: ჩამოხე და მოგახსენოთ: ამბავი და საქმე ჩვენი:

997. გარდაჴდეს ჰკადრეს ჩვენ ვართო: მობაღდადენი ვაჭარნი: მაჰმადის სჯულის მჭირავნი: აროდეს გვისვამნ მაჭარნი: ზღვათა მეფისა ქალაქსა: სავაჭროდ გარდმონაჭარნი: საქონელ სრულნი მდიდარნი: არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი:

998. ჩვენ აქა ვჰპოვეთ ზღვის პირსა: კაცი უსულოდ მდებარე: უშველეთ ენა მოეცა: სიტყვისა გამომგებარე: ვჰკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო: რასა საქმისა მძებარე: გვითხრა თუ შეხვალთ დაგჴოცენ: კიდე ცოცხალვარ მე ბარე:

999. თქვა ქარავანი ეგვიპტით: გამოვემართეთ ერითა: ზღვასა შევედით ტვირთულნი: ლარითა მრავალ ფერითა: მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს: ძელის სახნისის წვერითა: ყველაი წახდა არ ვიცი: აქა მოსრულვარ მე რითა:

1000. ლომო და მზეო ესეა: მიზეზი აქა დგომისა: დაბრუნებითა გვეცემის: ზიანი ას საზომისა: შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ: ძალი არა გვაქვს ომისა: ვერ ვდგევართ ვერცა წავსულვართ: ღონე წაგუსულია რჩომისა:

1001. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს: ცუდია და ცუდად სცთების: რაცა მოვა საქმე ზენა: მამავალიარ აგვცთების: მე მივინდობ სისხლთა თქვენსა: შემოვისხამ დაცამწვთების: ვინცა გებრძვის ჴრმალი ჩემი: მბრძოლთა თქვენთა დააცვთების:

1002. მოქარავნენი აივსნენ: სიხარულითა დიდითა: თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი: არ ჩვენებრვე რიდითა: აქვს თავისაგან იმედი: ვიყუნეთ გულითა მშვიდითა: შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა: გამართეს ზღვისა კიდითა: