... (Q-609), XIX ს.

1023. აწ რაცა აქა ვიშოვე: საჭურჭლე დაუთვალავი: რაცა ვის გინდა წაიღეთ: არვისი ვიყო მლალავი: ერთსა ვიაჯი მიაჯეთ: სააჯო არ საკრძალავი: საქმე რამე მიც თქუენშია: თავისა დასამალავი:

1024. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით: არ თქუენსა პატრონობასა: თვით თავადია ჩვენი თქუა: ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა: მე სავაჭროსა ჩავიცვამ: დავიწყებ ჩუბაჩობასა: თქვენ შემინახეთ ნამუსი: თქუენსა და ჩემსა ძმობასა:

1025. ესე საქმე ქარავანსა: გაეხარნეს მეტად დია: მოვიდეს და თაყვანისცეს: ჰკადრეს ჩვენი იმედია: რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა: იგი თქვენვე გიაჯია: მას ვმსახუროთ ვისი პირი: მზისა პირად გაგვიცდია:

1026. მუნით წავიდეს იარეს: არ თურე ხანსა ზმიდიან: მიხვდეს ტაროსსა ამოსა: ნიადაგ ამოდ ვლიდიან: შეჰფრფინვიდიან ავთანდილს: ქებასა შეასხმიდიან: მას მარგალიტსა მას ყმასა: კბილთა ფერსა სძღვნიდიან: ზღვის პირს რომ გავიდა:

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა :

1027. ზღვა გაიარა ავთანდილ: მივა ტანითა მჭევრითა: ნახეს ქალაქი მოცული: გარე ბაღისა ტევრითა: გვარად უცხონი ყუავილნი: ფერითა ბევრის ბევრითა: მის ქუეყანისა სიტურფე: რა გაიგონო შენ რითა:

1028. მათ ბაღთა პირსა დააბეს: ნავი საბლითა სამითა: ავთანდილ ტანსა ჯუბანი: ჩაიცვა დაჯდა სკამითა: მოასხეს კაცნი მზიდავნი: დამზადებულნი დრამითა: იგი ყმა ვაჭრობს თავადობს: და თავს მალავს ამითა:

1029. მოვიდა მისი მებაღე: ბაღსა იახლნეს რომელსა: მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით: პირსა ელვათა მკრთომელსა: ავთანდილ უჴმო ეუბნა: კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქვიან: მეფესა აქა მჯდომელსა:

1030. წვრილად მითხარ ყველაკაჲ: ყმა მას კაცსა ეუბნების: რა ლარია უფრო ძვირად: ან იეფად რა იხსნების: ჰკადრა ვხედავ პირი შენი: მზისა პირად მემეცნების: რაცა ვიცი მართლად გკადრებ: მრუდი არა არ გემცნების:

1031. ესეა ზღვათა სამეფო: თვისა ათისა სავლითა: თვით გულანშაროს ქალაქი: სავსე ტურფითა მრავლითა: აქ მოდის ტურფა ყველაი: ზღვა ზღვა ნავითა მავლითა: მელიქ სურხავი ჴელმწიფობს: სავსე სვითა და დავლითა:

1032. აქა მოსვლითა გაყმდების: კაცი თუც იყო ბერები: სმა გახარება თამაში: ნიადაგ არს სიმღერები: ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს: ყვავილი ფერად ფერები: ვინცა გვიცნობენ გვნატრიან: იგინცა ვინა მტერები:

1033. დიდ ვაჭარნი სარგებელსა: ამისებრსა ვერ ჰპოებენ: იყიდიან გაჰყიდიან: მოიგებენ წააგებენ: გლახა თვე ერთ გამდიდრდების: სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრეფენ: უქონელნი წელიწდამდის: საქონელსა დაიდებენ:

1034. მე ვარ მებაღე უსენის: ვაჭართა უხუცესისა: ესეცა გკადრო ამბავი: საქმე მისისა წესისა: თვით ესე ბაღი მისია: თქვენი სადგომი დღესისა: პირველ მას მართებს ჩვენება: ყოვლისა უტურფესისა:

1035. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი: მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან: უჩვენებენ რაც ჰქონდეს: სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან: უტურფესა სეფედ დასხმენ: ფასსა მუნვე დაუთვლიან: მათ მაშინვე ააზატებს: ვითა სწადდეს და ჰყიდიან:

1036. თქვენებრთა საბატიოთა: მათ მართებს გამოსვენება: დამყენებელთა უბრძანებს: მართებდეს ვის დაყენება: აწ იგი აქა არ არის: რას მარგებს მისი ჴსენება: გამოგება და წაყვანა: მას მართებს თქვენი ქენება:

1037. ფატმან ხათუნ შინა არის: ხათუნი და ცოლი მისი: პურად კარგი მასპინძელი: საყვარელი არ თუ მქისი: მას ვაცნობო მოსვლა თქვენი: წაგიყვანოს ვითა თვისი: წინა კაცსა მოგაგებებს: ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი:

1038. ავთანდილ უთხრა წადიო: აგრე ჰქენ რაცა გწადიან: მებაღე მირბის იხარებს: ოფლი მკერდამდის ჩადიან: ხათუნსა უთხრა ამბავი: მე ესე დამიქადიან: ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა: შუქნი მზედ გაიცადიან:

1039. ვაჭარი ვინმე პატრონი: არს ქარავნისა დიდისა: საროსა მსგავსი ნაზარდი: და მთვარე დღისა შვიდისა: შვენის ჯუბა და მოხვევნა: ძოწეულისა რიდისა: მე მიხმო მკითხა ამბავი: და ნირი ლართა სყიდისა:

1040. ფატმან ხათუნს გაეხარნეს: გააგება მონა ათი: მოუკაზმა ქარვანსრანი: დააყენა ბარგი მათი: შემოვიდა ღაწვი ვარდი: ბროლ ბალახში მინა სათი: მისთა მჭვრეტთა დაუსახეს: ვეფხსა ტოტი ლომსა თათი:

1041. ზარი გახდა შემოაკრფეს: ქალაქისა ერნი სრულად: იქით აქათ იჯრებოდეს: უჭვრიტოთო ამას სრულად: ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს: ზოგნი იყვნეს სულ წასულად: მათთა ცოლთა მოიძულვეს: ქმარნი დარჩეს გაბასრულად: