... (A-859), 1841 წ.

ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დახოცა.

1005. იგი ყმა საწოლს მარტო წვა, გულითა ჯავრიანითა. ჴელ სისხლიანი ავთანდილ, შედგა ტანითა ჯანითა. ვერღა აესწრა იდუმალ, მოჰკლა ვერცა თუ ვცანითა. ხელი მოჰკიდა მიწასა, დაასკვნა დაკლა დანითა:-

1006. მჭურეტელთა მზე და მებრძოლთა, მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწათა გარია. ზღჳსაკენ სარკმლთა გასტყორცა, ზღჳსა ქვიშათა გარია. მისთჳს არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარია:-

1007. ჴმა მათისა დახოცისა, არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა. ესე მიკჳრს სისხლი მისი, ასრე ვითა მოიპარა. რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა:-

1008. რა ფატმანისსა შევიდა, ლომი მზე მოყმე წყლიანი. უბრძანა მოვკალ მან ყმამან, დღე ვეღარ ნახოს მზიანი. თჳთ მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღ~თიანი. აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს მე სისხლიანი:-

1009. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად. რას გექადდა ისი კაცი, მესწრაფების მეტის მეტად. ფათმან ფერჴთა მოეხვია, არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად. გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავსჯე ცეცხლთა შრეტად:-

1010. მე და უსენი შვილითურთ, აწ ახლად დავიბადენით. ლომო ქებანი შენნიმცა, ჩუჱნ ვითა ვადიადენით. ვინათგან სისხლთა იმისთა, დაღვრანი დავიქადენით. თავთაგან გითხრობ ყველასა, თქუჱნ სმენად დაემზადენით:-

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ავთანდილის წინაშე.

1011. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა. არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა. ყველანი სწორად დავიწყობთ, კაზმასა ლამაზობასა. დიდსა შეიქმენ მეფენი, პურობა დარბაზობასა:-

1012. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაძს, დარბაზს მიღება ძღვენისა. მათ საბოძვრისა ბოძება, მართებს მსგავსისა ჩუჱნისა. ათ დღემდის ისმის ყოველგან, ჴმა წინწილისა ებნისა. მოედანს მღერა ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა:-

1013. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა, წაუძღვების უსენ წინა. მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არათ მინა. დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინა. დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარული მოვალთ შინა:-

1014. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით. ჩუჱნ მივართჳთ მათ გვიბოძეს, ავავსეთ ავივსენით. ჟამიერად მხიარულნი, წამოვედით ნებით ჩუჱნით. კულავ დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყვენით:-

1015. ბაღსა შიგან თამაშობად, საღამოსა გავე ჟამსა. გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ხამსა. მამყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა. ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა:-

1016. იქ ბაღსა შიგან ტურფანი, სახლნი ნატიფად გებულნი. მაღალნი ყოვლგნით მხედველნი, ზღვა ზედან წაკიდებულნი. მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი. კულავ დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი:-

1017. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან, უმასპინძლე ამოდ დურად. სმასა ზედა უმიზეზოდ, გავხე რამე უგემურად. რა შემატყვეს გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად. მარტო დავრჩი სევდა რამე, შემომექცა გულსა მურად:-

1018. უკუმოვახვენ სარკმელნი, და შევაქცივე პირი ზღვასა. ვიხედჳდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა. შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვედა შიგან ზღვასა. ფრინველად ვთქვი ანუ მხეცად, სხვად ვამსგავსე მემცა რასა:-

1019. მე შორიდამ ვერად ვიცან, მომეახლა იყო ნავი. ორთა კაცთა ტანად შავთა, თჳთ პირიცა ედგა შავი. იქით აქეთ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი. გამოიღეს გამიკჳრდეს, იგი უცხო სანახავი:-

1020. გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა. მიიხედეს მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა. ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა. მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ ღებული ვიყავ შინა:-

1021. მით ნავიდაღმან მათ რომე, გარდმოსვეს კიდობანითა. ახადეს ქალი გარდმოხდა, უცხოთა რათმე ტანითა. თავსა რიდითა შავითა, ქუჱშეთ მოსილი მწვანითა. მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა:-

1022. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა. ღაწვთა მისთა ელვარება, ელვარებდა ხმელთა ზესა. დავიწუხენ თვალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა. უკმოვიხშენ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა სცნესა:-