... (A-859), 1841 წ.

1023. მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი. უ ჩუჱნე ჰხედავთ ჰინდოთა, ტყვედ ჰყუანან შუქნი რომელნი. ჩაეპარენით ჩადითო წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი. მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი:-

1024. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ, წაგვარეთ და დახოცენით. მოიყუანეთ ისი მთვარე, ჰქენით კარგად ეცადენით. ჩემნი ყმანი ზედა დაღმან, ჩაეპარნეს ვითა ფრენით. დაევაჭრეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით:-

1025. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს. შეუზახენ დახოცენით, დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს. იგი ზღუასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა სცვიდეს. ჩავეგებე გამოვგვარე, ზღჳს პირს ხანსა არ დაზმიდეს:-

1026. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა. ვფიცავ რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა. ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნას ნახაზობა. მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა:-

1027. ესე სიტყუა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი. ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი. ერთმანერთი დაავიწყდეს, მისთჳს გახდეს ვითა ხელნი. ღვარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი:-

1028. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვეტ გაასრულე. ფატმან იტყჳს მივეგებე, გული მისთჳს ვაერდგულე. გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე. ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე გავესულე:-

1029. ვჰკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა. ამა ზანგთა სით მოყვანდი, შენ პატრონი ცისა ხომთა. მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყუათა ესე ზომთა. ას ნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა:-

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერების შეტყობის ნდობა.

1030. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა. გულ ამოჴრჩინვიით ასტირდა, მით რამე ხმითა წყნარითა. ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა, მოსდის გიშრისა ღარითა. მისნი მჭურეტელნი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა:-

1031. მითხრა შენ ჩემთჳს, დედაო ხარ უმჯობესი დედისა. რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა. ღარიბი ვინმე შემსწრობი, ვარ უბედოსა ბედისა. თუღა რაც მკითხო ძალიმცა, გიგმია არსთა მხედისა:-

1032. ვსთქვი უჟამოდ არ წესია, მოყუანა და მზისა ხმობა. მომყვანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა. ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა:-

1033. ავიყვანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი. სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალი მისი შუქი. ჩამოვბურე მრავალ კეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი. ცრემლსა სეტყვს და ვარდსა, აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი:-

1034. მოვიყვანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით. მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსჳ მეტად მალვით. არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით კრძალვით. ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი ვნახი ხალვით:-

1035. ვით გიამბო საკჳრველი, მე გლახ მისი ყოფა ქცევა. დღე და ღამე გაუწყვეტლად, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. შევეხვეწი დადუმდიო, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთჳს ვაგლახ მე ვა:-

1036. შინა შევიდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები. შიგან მელნისა მორევსა, ეყარის გიშრის შუბები. მელნისა ტბათათ იღვრების, სავსე სათისა რუბები. შუა ძოწსა და აყიყსა, სჭვირს მარგალიტი ტყუბები:-

1037. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა, ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან. თუმცა მეკითხა ვინა ხარ, ეგრე გასული რისაგან. მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოსდის ალვისა ხისაგან. მას ჴორციელი არ გასძლებს, სხვა კიდეგანი ქვისაგან:-

1038. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა. მიწყივ იყჳს რიდითა, და მით ერთითა ყაბაჩითა. მკლავი მისი სასთაუმალად, მიიდვის და მიწვის მითა. ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა:-

1039. სხუა გიამბო საკვირველი, რიდისა და ყაბაჩისა. ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძჳრ ფასისა. მაგრა მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარისა. სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა:-

1040. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაყო ხანი დიდი. ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი. ვთქჳ თუ უთხრობ ვიცი დარბაზს, გამამჟღავნებს ისი ფლიდი. ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი კულავ გავიდი:-

1041. ვთქჳ თუ არ უთხრა რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების. არცა რა ვიცი რა უნდა, რა ვისგან მოეჴმარების. ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების. ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების:-