ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1105. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად, “სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად; “რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, “მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1106. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი ზღვასა, “ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; “შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, “მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამზგავსე მემცა რასა!

1107. “მე შორიდამ ვერა ვიცან, მომეახლა, იყო ნავი, “ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი, “იქით-აქეთ მოსდგომოდეს ახლოს, უჩნდა ოდენ თავი, “გამოვიდეს, გამიკვირდეს იგი უცხო სანახავი.

1108. “გამოზიდნეს, იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, “მიიხედეს მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინ ა, “ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; “მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1109. “მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოჰსვეს კიდობანითა, “ახადეს, ქალი გარდმოჰხდა უცხოთა რათმე ტანითა, “თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, – “მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1110. “რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა, “ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთ და ზესა; “დავიხუჭენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, “უკმოვიხარ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა სცნესა.

1111. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, “ვუჩვენე: “ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი, “ჩაეპარენით, ჩადითო, წყნარად, ნუ ჩქარად მხტომელნი, “მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყონ მდომელნი.

1112. “თუ არ მოგცენ, ნუღარ მისცემთ, წაჰგვარენით, დაჰხოცენით, “მოიყვანეთ ისი მთვარე, ჰქმენით კარგად, ეცადენით;” “ჩემნი ყმანი ზედადაღმან ჩაეპარნეს, ვითა ფრენით; “დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1113. “მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, “შევუზახენ: “დახოცენით!” დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს; “იგი ზღვასა შეასრივენ, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; “ჩავეგებე, გამოვგვარე, ზღვის-პირს ხანსა არ დაჰზმიდეს.

1114. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! “ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა; “ვინ გაიცთის შუქთა მისთა, ვინცა ვით ჰქმნას ნახაზობა! “მე თუ დამწვავს, აჰა, მზა ვარ, აღარ უნდა ამას მზობა!”

1115. ესე სიტყვა დაასრულნა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი, ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდათ, მისთვის გახდეს ვითა ხელნი; ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1116. მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვეტ, გაასრულე;” ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, “გარდვუკოცნე, ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, “ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1117. “ვკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა, “ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?” “მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, “ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწდომთა.

1118. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, “გულ-ამოხრჩვინვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; “ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; “მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1119. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, “რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! “ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; “თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!”

1120. “ვთქვი, უჟამოდ არ წესია, მოყვანა და მზისა ხმობა, “მომყვანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა; “ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა; “რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა!

1121. “ავიყვანე იგი პირ მზე, ნაქები და ვერ ვთქვი უქი, “სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალი მზისა შუქი, “ჩამოვბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი; “ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოჰქრის ბუქი.

1122. “მოვიყვანე შინა ჩემსა, იგი პირ მზე, ტანით ალვით, “მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, “არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, “ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1123. ვით გიამბო საკვირველი, მე გლახ, მისი ყოფა-ქცევა, “დღე და ღამე გაუწყვეტლად, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! “შევეხვეწი: “დადუმდიო,” წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა; “აწ უმისოდ ვით ცოცხალ-ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე ვა!

1124. “შინა შევედი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, “შიგან მელნისა მორევსა, ეყარის გიშრის შუბები, “მელნისა ტბათა იღვრების, სავსე სათისა რუბები, “შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.