ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

წინასიტყვაობა

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა, ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, – გვაქვს უთვალავი ფერითა – მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა.

2. ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა! შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა. ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3. ვის ჰშვენის, ლომსა ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა მეფისა, მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ თმა-გიშერისა, – მას, არა ვიცი, შევკადრო შესხმა ხოტბისა ხშირისა! მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ჰხამს მართ მშიერისა!

4. თამარს ვაქებდეთ, მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული, თქვენით ქებანი ვისმინე, არ ავად გამორჩეული, მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული; ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

5. მიბრძანეს მათდა საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა, – გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება; ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს – მივცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება, – მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირთ ერთმანერთის მონება.

7. მო, დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი, მისებრი მართ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი; დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ სობილი, აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

8. მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა, – ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

9. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი: ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმასთ ჩემი ნაუბარი.

10. ჰხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი-მრუში, რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულ-თქმა, უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში; – მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში

11. ამა საქმესა მიჯნურნი ნუ უხმობთ მიჯნურობასა: დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა, – ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა; კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

12. არს პირველი მიჯნურობა არ დაჩენა, ჭირთა მალვა, თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდეს ხალვა, შორით ბნედა, შორით კდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დასთმოს წყრომა მეფეთაგან, მისი ჰქონდეს შიში-კრძალვა;

13. ჰხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად ჰაი ზჰმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს, არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

14. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს? ამის მეტი რამცა ირგოს: მას ავნოს და თვითანც ივნოს! რათამცაღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს, – რა გავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

15. მე, რუსთველი, ხელობითა, ვიქმ საქმესა ამა დარი, ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი: დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლავ წამალი არსით არი: ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

16. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები, ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები.

17. თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა; აჰა, გული გამიჯნურდა, მიჰხდომია ველთა რბენა! მიაჯეთ ვინ! ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა! სამთა ფერთა საქებელთა ჰლამის ლექსთა უნდა ლევნა.

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კვლავ მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.

19. შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლავ აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი, – გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამათ კარგი.