ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1125. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, “თუმცა მეკითხა: “ვინა ხარ, ეგრე გასული რისაგან?” “მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, “მას ხორციელი არ გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან,

1126. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, “მიწყივ იყვის რიდითა, და მით ერთითა ყაბაჩითა, “მკლავი მისი სასთუნალად მიიდვის, და მიწვის მითა, “ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1127. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა: “ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, “მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა, – “სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1128. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაჰყო ხანი დიდი; “ვერ გავანდე ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; “ვთქვი თუ: ,, ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი;” “ესე მეყო საგონებლად, კვლავ შევიდი, კვლა გავიდი.

1129. “ვთქვი: “თუ არ უთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების, “არცარა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; “ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების; “ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების!

1130. “მე, გლახ მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! “მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; “არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა; “სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა“.

1131. “მიველ მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, “მერმე ვუთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, “არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე;” “ფიცი ჰფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1132. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა, “არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა;” “მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა”.

1133. “ადგა, წამომყვა, წავედით, შევლენით კარნი სრისანი; “უსენ გაჰკვირდა, გაცაჰკრთა, რა შუქნი ჰნახნა მზისანი; “სთქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? “თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღვთისანი!”

1134. “ვთქვი თუ: “არცარა მე ვიცი ამისი ხორციელობა, “რაცა არ გითხარ, მის მეტი მაქვს არა მეცნიერობა: “მე და შენ ვკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა? “ნუთუ რა გვითხრას, ვიაჯნეთ, ჰქმნას დიდი ლმობიერობა”.

1135. “მივედით, გვქონდა ორთავეს კრძალვა მისისა კრძალვისა; “ვკადრეთ თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, “გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა, “რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მზგავსი ლალისა?”

1136. “რაცა ვკითხეთ, არა ვიცით, ესმა, ანუ არ ისმენდა: “ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; “გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა; “მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედან რამცა გაგვითენდა!

1137. “ვერა დავყარეთ პასუხი, ჩვენ საუბრითა ჩვენითა, “ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა; “კვლავცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა: “არა ვიციო, მიმიშვით!” ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1138. “დავსხედით და მისთანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, “რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! “ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ; “ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1139. “უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; “ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! “უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს; “მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!”

1140. “მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულ-თქმნა ახით, “შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით; “ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, “გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1141. “რა გარდაჰხდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი, “უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდლიდან მეფე ჩვენი, “მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, უძღვნა ძღვენი;” “მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი”.

1142. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები; “დავვედრე: “დარბაზს დაგვხდების დარბაზის ერი მთვრალები; “ამა ქალისა ამბავსა მომკალ, თუ არ ეკრძალები;” “კვლავ შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხმალები!”

1143. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი, “უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი; “წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი; “აწ ნახო მთვრალი ვაჭარი, ცქაფი, უწფელი, მსწრობელი.

1144. “რა მეფემან უსენს წინა ჰსვა მრავალი დოსტაქანი, “კვლავ შეჰსვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი; “დაავიწყდა იგი ფიცნი, – რა მუსაფნი, რა მაქანი! – “მართლა თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.