ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1012. “სთქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, “ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, “მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა, “ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსულვარ მე რითა!”

1013. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, “დაბრუნებითა გვეცემის ზიანი ას საზომისა; “შევიდეთ, ვაჲ, თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა; “ვერ ვდგავართ, ვერცა წასულვართ, ღონე წაგვსვლია რჩომისა.”

1014. ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდათ ცდების, “რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცდების; “მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, დაცაგვწვდების, “ვინცა გებრძვით, ხმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვდების.”

1015. მოქარავნენი აივსნენ სიხარულითა დიდითა, სთქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არ ჩვენებრივე რიდითა, “აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა;” შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1016. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა, მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა; გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა; მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1017. ჰკიოდეს და მოდიოდეს, იძახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ ამათსა, სიალფესა, “ანუ დავხოც ამათ ყველას, ან სიკვდილი ჩემი დღეს ა.

1018. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნეს ხმელთა სპანი, “განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი, “ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი, – “ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1019. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი. “შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი; “მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი, “მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახეთ მონაღვარნი.”

1020. ჩაიცვა ტანთა აბჯარი, ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა, მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1021. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა; აძგერეს ძელი, რომელსა ზედან სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე ჰკრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა.

1022. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა, ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა: ვინც რჩენილან, მკვდართა შუა იმალვიან, ჰმალვენ ხმასა,

1023. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა; ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!” არ დაჰხოცნა, დაიმონა, დარჩომოდა რაცა წყლულსა; მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა.”

1024. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ, ვითა მთვრალი, არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი; დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი; ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხმალი.

1025. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ჰნახნა, ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა; უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს, არ იახნა; ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი ჰსახნა.

1026. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა, – ვერცა მათ სთქვეს, ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, სთქვეს: “უფალო, მადლი შენდა! “მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა.”

1027. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა, პირსა, ფეხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა: – ვისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა – “შენგან დავრჩით ჩვენ, ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა.”

1028. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემომქმედსა, არსთა მხადსა, “ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, “იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა, – “ჰხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1029. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი, “მე, გლახ, რა ვარ, მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი! “აწ დავხოცენ მტერნი თქვენი, გავასრულე, რაცა ვთქვენი; “ნავი სრულად საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1030. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს, ამხანაგთაგან ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს; მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს; ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1031. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დაჰთვალეს, მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს; დაჰლეწეს და ზოგი დასწვეს, შეშა დრამად არ გასცვალეს.