ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1244. “მოდი და ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა, “ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუ თუ მიეცნენ შვებასა; “ვინც სცნობენ კაცი, ყველანი ჩვენსა იწყებენ ქებასა, “ნუ თუ კვლავ მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1245. “მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნო იგივე მონა გრძნეული, “ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი, ჩვენგან ცნეული, “მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული; “ღმერთმან ჰქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული”.

1246. ფატმან სთქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს მო რანი, “დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!” მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი, უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი.

1247. “აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა, “ფიცხლავ დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, “მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა;” მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი

1248. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, “შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზ-ზე- “სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, | ნაო, “ბროლო და ლალო, ოროვე, კვლავ ერთგან შენათხზენაო!

1249. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, “მე ეგე ვცანი მართალი, მით გულსა მოვალხენიე, “შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, “ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

1250. “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული, “ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთშიგან ქებული, “სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერ ვისგან დაწუნებული; “შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1251. “ჩვენ ამისთვის ესე მონა, გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, “ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, – მოსრულანცა ქაჯნი შინა? – “მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა, “ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ ა!

1252. “რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე, “მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე! “შენი ყველა აქამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, “ღმერთსა უნდეს,მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე“.

1253. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა, – “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა;” მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა გარდიკარგა, გარდაჰფრინდა ბანის-ბანსა.

1254. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა; რა ქაჯეთს შეჰხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა, უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართამცველისა, მას მზესა ჰკადრა სალამი მისისა სასურველისა.

1255. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა, მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ შავი, თმა გრძელი, ტან-ნაბდიანი; იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შესცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი.

1256. ქაჯმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაბნდები? “მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები, “ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, “მზისა შუქნი მოისწრაფენ, ვარდო, ადრე ნუ დაჭკნები“.

1257. პირ-მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა; მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა, სულ-ჰთქვამს, იკითხავს უსტარსა, ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1258. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი, “ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი?” მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი, – “რა წამოსრულხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1259. “ფატმანის გული მას აქეთ ლახვართა შენახევია, “მას რომე ცრემლი სდიოდეს, ზღვათაცა შენართევია; “მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია, “ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1260. “აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, “მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა, “იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა; “მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

1261. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი; “ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი! “უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, “მე მიუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი