ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1165. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, “მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, “დაადგეს თავსა გვირგვინი, ერთობილისა ლალისა; “მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1166. “მეფემან ჰბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა,” “დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; “ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, “მას ზედა დაჰსვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა;

1167. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომად მცველად კარისა, “ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მზგავსად მათისა გვარისა, “უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისა; “სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისა.

1168. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი; “ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიძს ჩემი მკვლელი, “სადაური სად მოვსრულვარ, ვის მივხვდები, ვისთვის ხელი, “რა ვქნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1169. “კვლავცა იტყვის: “ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; “ვეცადო, რას ნუ თუ ღმერთმან მომარიდოს ჩემსა მტერსა; “სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? “რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!”

1170. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! “მოღორებულხართ, დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, “დამცდარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, “ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდათ გლახ იცემს ნობასა.

1171. “არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდე განია, “მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! “სხვასა რას მნუკავთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, “თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

1172. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, “თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელსვერდაჰყოფთ ხანასა, “ესე სჯობს, მოგცეთ საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, “მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარე დაიწყებთ ნანასა”.

1173. “შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, “მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი, “მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, “მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

1174. “მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, “დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, “გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა, – “ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა.

1175. “რა ოქრო მისთა მოყვასთა არ ოდეს მისცემს ლხენასა, “დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა, “შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, “კვლავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმა ფრენასა.

1176. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, “ერთმან ტანსა აღიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, “სხვანი კარნი გამოარნეს, იჯაროდა დარბაზს მსმელი, “დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

1177. “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა; “ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ჰბრძანა; “გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა მეცა განა! “შინა ყოლა არ შემომყვა, “რად მაწვეო?” შემანანა.

1178. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა, “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! “ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლავ გამგზავნე ცხენითა, “სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა”;

1179. “შეველ ფიცხლავ საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, “შეუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ მოკვნესი; “ჰგვანდა, ოდეს ლომსა შესჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი; “წაჰხდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვთესი.

1180. “დღე მიიყარა, ხმა გაჰხდა, მოვიდა მისი მდევარი, “მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; “მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, “მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

1181. “მოჰნახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი; “მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი; “დაჰხედენ დარბაზის ერთა, შევლენ ის-ფრითა ღებულნი; “მზე მოგვეშორა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

1182. “მის მთვარისა სადაობა, კვლავ გიამბო საქმე კვლავცი; “აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: “მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი, – “კაცსა დაჰსვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1183. “მით არ ვჯერვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი; “ისი კაცი ჩაჩნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; “ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი; “ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახვრიტოს ერთი თასი!

1184. “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: “ჩემსავე მოსვლა მის მზისა, და გაპარება მელურად; “გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად; “აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!