ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1032. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა; “რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა; “რასაცა მოგვცემ გვიბოძე გვიქმნია აქა ყრილობა.”

1033. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, “ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია, “მან დაგარჩინა, მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია! “რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია!

1034. “მე თუმცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, “ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ სადებელი; “რას ვაქნევ თქვენსა, რას მინდა! ოდენ ვარ თანა მხლებელი; “სხვაგან რამე მიძს სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1035. “აწე რაც აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, “რაცა ვის გინდათ, წაიღეთ, არ ვისი ვიყო მლალავი! “ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ, სააჯო არ საკრძალავი, “საქმე რამე მიძს თქვენშიგა თავისა დასამალავი:

1036. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა, “თვით თავადია ჩვენი,” სთქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა; “მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა, “თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა.”

1037. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია, მოვიდეს და თაყვანი სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია: “რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია; “მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია.”

1038. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ჰზმიდიან, მიჰხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილითა ფერსა სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა

1039. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა; ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის-ბევრითა, მის ქვეყანისა სიტურფე რა გაიგონო შენ რითა!

1040. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა, ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა, დაჯდა სკამითა; მოასხეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა, იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს, და თავსა ჰმალავს ამითა.

1041. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა, მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთობელსა; ავთანდილ უხმო, ეუბნა, კაცსა არ სიტყვის მცდომელსა: “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა, აქა მჯდომელსა?

1042. “წვრილად მითხარ ყველაკაი;“ ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იაფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების, “რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების:

1043. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, “თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა, “აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა, “მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

1044. “აქა მოსვლითა გაყმდების კაცი, თუც იყო ბერები: “სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, “ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; “ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ ა მტერები.

1045. “დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: “იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; “გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ, “უქონელი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1046. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა; “ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა: “თვით ესე ბაღი მისია,თქვენი სადგომი დღესისა; “პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1047. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ჰნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, “უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გაჰხსნიან, “უტურფესთა სეფედ დასმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან, “მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1048. “თქვენებრთა საბატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება, “დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება; “აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; “გამოგება და წაყვანა მას მართებს, თქვენი ქენება.

1049. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, “პურად კარგი მასპინძელი, საყვარელი არ თუ მქისი; “მათ ვაცნობო მოსვლა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი, “წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

1050. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ჰქმენ, რაცა გწადიან;” მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკედრამდის ჩადიან, ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, “ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.