ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1051. “ვაჭარი ვინმე, პატრონი არს ქარავნისა დიდისა, “საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა, “ჰშვენის ჯუბა და მოხვევნა ძოწეულისა რიდისა, “მე მიხმო მკითხა ამბავი და ნიხრი ლართა სყიდისა.”

1052. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბადახში, მინა სათი, მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა თათი.

1053. ზარი გახდა და შემოკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქეთ იჯრებოდეს: – “უჭვრიტოთო ამა სრულად;” ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასულად; მათთა ცოლთა მოიძულეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

მისვლა ავთანდილისა ფატმანისას ფატმანის მიერ მიგებება და სიხარული

1054. ფატმან, ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსვლა მისი, შევითვატყვე არ ეწყინა.

1055. ფატმან ხათუნ თვალათ მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი; დია ედვა სასალუქო, დასაბურავ-ჩასაცმელი.

1056. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა, ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა სთქვეს თუ: “ვარგა.” ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაჰკარგა; ჰსვეს და სჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა.

1057. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდაჰსხა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ, აჰკიდა, გააწევინა, სთქვა: “ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გაამჟღავნებთ, მე ვინა.”

1058. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არა მისსა, ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა-მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგაზავნა

1059. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1060. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა; დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ ჰმალვიდა; იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.

1061. “მიღმა უთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს; “თუ არა ვთქვა, ვეღარ გავძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს; “ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს, – “მას მკურნალმა რაგვარ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცასჭირდეს,

1062. დასწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძვრელი, შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ ცუდათ დასახეველი:

წიგნი ფატმანისა ავთანდილის სამიჯნუროდ მიწერილი

1063. ჰე, მზეო, ღმერთსა ვინადგან მზედ სწადდი დასაბადელად, მით შენგან მოშორებულთა ლხინად, არ ჭირთა მწადებ- “ახლოს შემყრელთა დამწველად მათად ცეცხლისა მადებლად | ლად “მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1064. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან “ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ ჰკრთებიან! “შენი შვენება ყვავილთა აჭკნობს და ჩემიც ჭკნებიან; “სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1065. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, “მაგრა რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა! “გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა; “თუ რას მეწევი, მეწივე, თვარე მივხდები ცნობასა!

1066. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, “ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი გაგივიდოდეს, – “მუნამდის გავძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს; “სიცოცხლე, ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი, ოდეს?”

1067. ფატმან ხათუნ დასწერა და გაუგზავნა წიგნი ყმისი; ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი; სთქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი; “რომე მიმიჩს სამიჯნურო, რად ვამზგავსო მე მას მისი!