ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

993. ყმამან დაჰყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა, ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა, სწორად ჰხოცდის შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყრობდა, მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.

994. ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები: “მე თქვენი გაყრა სიკვდილად მიჩნს და მით თავსა ვევნები, “მაგრა არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მე სხვაცა მედები, “გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიძს, დია დავიყოვნები.

995. “მართალ არს შენი გამყრელი, თვალთა თუ ცრემლსა ჰღვრიდესა; “დღეს წარუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა; “დგომა მგზავრისა ცდომაა, კარგსა იქმს თავსა სწვრთიდესა, “სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.

996. ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა რა გეთხრობის; “ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის; “წადი, ღმერთი გიწინამძღვრებს, შენი მტერი დაემხობის, “მაგრა სთქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?

997. “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასვლა შენი, “თანა ყმათა წამოგატან, იმსახურნე, იახლენი, “აბჯარი და საქონელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი; “არ წაიტან, გაირჯები, ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი”.

998. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელი გულითა, სრული აბჯარი საკაცო, ქაფითა საბარკულითა, სამოცი ლიტრა წითელი აწონით, არ ნაკლულითა, ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.

999. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შესჯდა, მასთანავე გამოვიდა, აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა; მოსთქვამს: “თუცა მზე გვიახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა.”

1000. ზარი მის ყმისა გაყრილსა გაჰხდა, მიეცნეს წუხილსა; მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; ხმა ძახილისა მათისა ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა; იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივცეთ წუხილსა;”

1001. ქალაქი განვლეს, წავიდეს, პირსა მივიდეს ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა; ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა.

1002. “აქა მათ ორთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, “კბილ-თეთრი, ბაგე ბადახში, სახედავითა შავითა; “ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხმლითა და მკლავითა; “შორს მნახეს, ადრე გამექცნეს, ნავი მფრინველი ჩნდა ვითა”.

1003. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ნაფიცნი, ვითა ძმანი; ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასვლა ავთანდილისა ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად

1004. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა, – არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა; იტყვის: “მოგშორდი, სიცრუვე, ვაჲ, საწუთროსა კრულისა! “შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1005. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა; “რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა! “არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსალებისა; “შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა.”

1006. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი, იღვრების ცრემლთა ფონითა; ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1007. სადაცა ჰნახის, ეუბნის, მგზავრნი, ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი, დღენი ვლნა გაასებულნი, ქედსა გარდადგეს, – აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი, მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი.

1008. მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა, შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა; ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა; ჰკითხა: “ვაჭარნო, თუ ვინ ხართ!” მათ საუბარი ჰკიდესა.

1009. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი, მოახსენა ხოტბა სრული, დაჰლოცა და უქმნა ზნენი; ჰკადრეს: “მზეო, სიცოცხლე და შენა მოხვე ჩვენი მლხენი, “ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი.”

1010. გარდახდა, ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, “მაჰმადის სჯულის მჭირავნი, არ ოდეს გვისვამს მაჭარნი, “ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი, “საქონელ-სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გვაქვან საჭარნი.

1011. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულო მდებარე, “ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; “ვჰკითხეთ თუ: “ვინ ხარ, ყარიბო, რასა საქმისა მძებარე?” “გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ, კიდე ცოცხალვარ მე ბარე!