ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1224. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, “მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს, ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა, მკრთალსა, “რა ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა.

1225. “ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი, “კაცნი გრძნებისა მცოდნენი, ზედან გახელოვნებულნი, “ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი ვერვისგან ვნებულნი; “მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

1226. “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, “ქართა აღვძრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, “ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ; “სწადდეს, დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს, ბნელსა ანათობენ.

1227. “ამისთვის ქაჯათ უხმობენ გარეშემონი ყველანი, “თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი;” ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, “დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

1228. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ, ცრემლთა მდენელი, სთქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი, “ყოფილი, მყოფი, უთქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, “წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი!”

1229. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა; ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა; ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა; ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

1230. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა; ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული ხელ-ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

1231. ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად, იტყვის თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი ვინ, ვარდია ვისად, უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მზგავსად ყვავისად!”

1232. მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვისაცა დასალბონია, გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია; ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია, – თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

1233. გათენდა, ბანვად წარვიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები; დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სუნნელი, ტურფა პერანგი , წმიდები, “რაცა გწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები“.

1234. ავთანდილ სთქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა:” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა; მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემზგავსა ლომი მზესა.

1235. ფატმან პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად; ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად; ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად”.

1236. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად ჰკვირდებოდა; მან პასუხი არა გასცა, თავის წინა ღიმდებოდა: “შეეტყვების, არ მიცნობსო, “ რა რეგვანდა, რაგვარ ჰხმობდა, თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

1237. პური სჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო-სმული, მხიარული, დაწვა, ამოდ დაიძინა, საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა; ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის წინა.”

1238. ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა, იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მოხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა; ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1239. ავთანდილ ჰბრძანა: “ჰე, ფატმან, ვიცი ეს საქმე შენია, “დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, “მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, – “ჩემნი მომკვლელნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1240. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა; “მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, “თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა, “მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

1241. “შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი; “მათ უვისთ ერთი ასული, მზე, ხმელთა მანათობელი, “იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, “მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

1242. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად “მივლია ყოვლი ქვეყანა, მის, მზისა მონაცვალისად, “მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალისად, “გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად.”

1243. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისგან შემოსვა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, “ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.