ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1145. “უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა, უსენს მთვრალსა: “დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მიიღებ ამა თვალსა, “მარგალიტსა დიდროვანსა, უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა? “ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.

1146. “თაყვანი-სცა უსენ, ჰკადრა: “ჰე, მაღალო ხელმწიფეო, “ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა მზეო! “რაცა სხვა მაქვს, ვისი არის, ოქრო, თუნდა საჭურჭლეო? “დედის მუცლით რა გამომყვა! მბოძებია თქვენგან მეო.

1147. “ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; “სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა, “მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მზგავსი მზისა, “მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა.“

1148. “რას ვაგრძელებდე, გასტეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, “უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა; “მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა, “უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.

1149. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია; “შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, “თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია; “მოვიდეს, დია გავკვირდი, ვთქვი: “რამე საქმე ზესია”.

1150. “მისალამეს, “ფატმან,” – მითხრეს – “ბრძანებაა მზისა სწორთა, “დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მზგავსი მზეთა ორთა, “აწ მომგვარე, წავიყვანო, ვლა არ გვინდა გზათა შორთა;” “ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვით ეცა გორა გორთა.

1151. “მე გაკვირვებით კვლავ ვკითხე: “რა ქალი გინდათ, რომელი?” “მათ მითხრეს: “უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი;” “არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი, “ავთრთოლდი, ავდექ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1152. “შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირლად და ცრემლ-დასხმულად, ვკადრე: “მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ სრულად “ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად, “შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1153. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია, – “ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია; “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! “სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1154. “თვალთა, ვითა მარგალიტი გარდმოჰყარა ცრემლი ხშირი; “ადგა ასრე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი, “ლხინი ლხინად არად უნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი; “მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1155. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, “თავალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, “თვითო და თვითო თვითოსა, ქალაქსა ეფასებოდა; “მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის ჰკვდებოდა.

1156. “ვარქვი: “ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესე გვარი;” “მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი, მზისა დარი; “სცნო მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გაჰხდა ზარი. “იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1157. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გაჰხდა ზათქი და ზარები; “ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები; “იგი რა ჰნახა მეფემან, საროსა მზგავსი ნარები, “გაკრთომით უთხრა: “ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?”

1158. “ვით მზემან, მისნი მჭრეტელნი შეჰქმნა თვალისა მფახველად, “მეფემან ჰბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; “ღვთისაგან კიდე ვინმციყო კაცი ამისად მსახველად!“ “ჰმართებს ამისა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს ახ ველად!”

1159. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა: “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” “მან არა გასცა პასუხი, პირითა მზისა დარითა, “თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1160. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა, “სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა, ვარდი ერთგან შეეწებნა, მარგალიტსა არ აღებდა, “მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1161. “მეფე ჰბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? “ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: “ან ვისიმე მიჯნურია, საყვარული ეგონების, “მისგან კიდე არვისად ჰცალს, ვეღარცა ვის ეუბნების.

1162. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, “არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედან ზედი, “ვით ზღაპარი ასე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, “სხვაგან არის, სხვაგან ჰფრინავს, გონება უძს, ვითა ტრედი.

1163. “ღმერთმან ჰქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, “მე დავახვედრო ისი მზე, და მისთვის დამზადებული; “მან ათქმევინოს ნუ თუ რა, ჩვენცა ვცნოთ გაცხადებული; “მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორებული”.

1164. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა, გულოვანსა, “უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; “მაშინ ლაშქარს წასულიყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა; “მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.