ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1185. “დამექადდის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა; “ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; “მოსრულ-იყო, მოსვლა ეთქვა, შენცა მოხველ, შემეშინა, “ამად გკადრე: “ნუ მოხვალო,” მოგაგებე მონა წინა.

1186. “აღარ დაბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით, “შეიყარენით ორნივე, ჩემზედან დაიჯარენით, “ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით; “იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1187. “თუმცა ისი არ მოგეკლა, მისულიყო დარბაზს მითა, “შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; “მეფე მწყრალი გარდასწმენდდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, “შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

1188. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა – “რომელმან დამხსენ მშვიდობით ამა გველისა მზერასა! “აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, “აღარ ვიშიშვი სიკვდილსა, ჰი, ჰი, ჩავიჭერ მე რასა!”

1189. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია: “მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია, “არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია; “ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1190. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაჰგზავნე შენ ოდეს; “რაცაღა გეცნოს ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს;” კვლავ იტყვის ფატმან ტირილით, კვლავ თვალთა ცრემლი სდენო- “წახდესო შუქნი, რომელი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!” |დეს:

ამბავი ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთან

1191. ვაჲ, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა სცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი, მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სადარე? მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა, ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

1192. ფატმან იტყვის: “მომეშორა მზე, მნათობი სრულად ხმელთა, “სიცოცხლე და სულ-დგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა; “მასუკანით გაუწყვეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, “ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა!

1193. “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, “მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის რულითა, “უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, “ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა!

1194. “დღესა ერთსა, საღამო ჟამს, ჩასვლა იყო ოდეს მზისა, “წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა, “ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა; “ვთქვი: “კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა!“

1195. “მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყვსითა სამითა, “მონა, მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულებ ხამითა; “სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნაყიდი დრამითა; “ჰსმიდეს, სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

1196. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; სთქვეს: “ამოდ გავიხარენით, “მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, “არცა რა ვიცით ვინ ვინ ა, ანუ სით მოვიარენით; “ჰხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით.

1197. “მათ სხვათა მათი ანბავი სთქვეს, ვითა მგზავრთა წესია; “მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგები რამე ზესია: “მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმა დაგითესია; “ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია:

1198. “მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა, “მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა, – “მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა; “ “აწ შვილთა მისთა და მისი ჰზრდის, უკეთესი მშობლისა.

1199. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, “ვისაც არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; “მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია; “აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული წოდია.

1200. “გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, “შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაჰშალეს ქმნა ხალვათისა, – “ვითა ვკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა? – “როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1201. “როშაქ ჰბრძანა, – მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავხდები, “მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, “შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები; “მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავყვები. –

1202. “გვითხრა მისთა ხელისათა, – წავალ, თანა წამომყევით! – “წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით; “დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით, “დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.

1203. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით, ჩვენ ღამესა დია ბნელსა, “დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდა შუა ველსა; “ვთქვი თუ, – მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედან ხმელსა! – “დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.