ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1051. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

1052. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია!”

1053. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა, რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1054. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1055. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1056. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად, მან პოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1057. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა, ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ-ნაკრთომისა.

1058. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა, ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

1059. იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად, აწ რადღა გვმართებს ტირილი, ჴამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად, ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად! ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად.

1060. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა. შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა კრთებოდა, მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა, თუცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1061. ავთანდილს მადლი უბრძანა, ჰქმნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! ვითა ზემთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა,– დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

1062. “მე ვერა გიყო ნაცვალი, ღმერთი გარდგიხდის ციერი, ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!”– შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი– აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი!–

*

1063. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-მაგოსანი. შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი. ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი,– მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1064. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთრვალისა, არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა.

1065. მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1066. ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა, გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა!”

1067. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!”

*

1068. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, – დავჴოცე დევთა დასები, მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”.