ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

*

1108. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა.! მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა. – ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა,– დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა!–

1109. სამთავე სამად გაიყვეს, – თვითომან თვითო –კარები თანა ჰყვა კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა დარები. – მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავისთავ ჰქონდა ფარები.

1110. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახვდეს გულ–ხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად, მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1111. ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრაჴმან შექმნა წრიალი. რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჴდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1112. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის, სიმაგრე ჯავშან-ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა, რა ქალაქს შეჰხდეს, შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1113. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს, თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1114. ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა. – ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴრმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტვერისა.

1115. გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა, ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა! მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი-ყელსა.

1116. ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს. – ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ-ზუალ შეიყარნეს! მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქნი არნეს, აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს!–

1117. მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი. კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბეს სამნივე ძმობილნი, მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1118. მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა, აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა, მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა, ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბნარითა.

1119. ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს, მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს, თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვლეს, ითხეს.

1120. სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა:– მოჰნახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,– რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

1121. მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები სამ-ოც-და-ათსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები. – თვალი ყველაი დათლილი, – იაგუნდი და ლალები, იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

1122. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია, წამოიყვანეს იგი მზე, მათი-ღა წაგვრა ძნელია ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია, თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

*

1123. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსრვით მსპობელი ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.

1124. “აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია, მისად მუქაფად რა გიძღვნა?– მძულს ცუდი ნაქადებია!

1125. “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე, სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე, კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე, მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.