ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

993. “ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, – მოსრულანცა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა,– ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინ ა?

994. “რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე! შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს,მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

995. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა. –

996. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა. – რა ქაჯეთს შეჰხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა, უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,– მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა. –

997. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი იგი მზე დაკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის ფერად იანი.

998. ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”–

999. პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიკრნეს სატნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა იკითხავს, სულ-თქვამს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცჴელითა.

1000. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი? ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედან-მტკეპნელი?” მან მოაჴსენა: “ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი: რა წამოსრულხარ, მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1001. “ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია, – ზღვათაცა შენართევია მე ერთჴელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

1002. “აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,– მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა-გმირითა, მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

1003. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წანაგვარი! უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

1004. პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ჰხედაო?!– მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო!– აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო. –

1005. “შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯელ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1006. “სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი!–არ ეგების! დაიჯერე!

1007. “ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, – ცუდ მაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვჰნატრი, – უნახავს მზე, ამად არ დამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჰმე, რა დიდი ბრალია!–

1008. “შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,– ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე. – გეაჯები, საყვარელსა შემახვეწე, შემაბრალე,– ნუ წამოვა ძებნად ჩემად, – მიუწერე, შეცასთვალე.

1009. “მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1010. “გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

1011. აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვირ, ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი:

1012. “ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები. ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები. მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები. – გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ, ები!