ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1165. “ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით, რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით? დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.

1166. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა, არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა, თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

*

1167. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი, თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი, ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

1168. მას ჰგვანდეს, თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა, სად ყოფილ იყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

1169. ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ჴორცისა ხმელობა, მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

1170. მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უც ჴორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა. ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა ღმერთსა ჰმადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1171. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები. კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები, აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები, მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,ჰგვანდა კაც-დაუკარები.

1172. ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების, მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წარჴდების" აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების, შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

1173. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი: “მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი? მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი, ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

1174. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად, ავთანდილ ა გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

*

1175. მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დახვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები, ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1176. “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავჴოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა.

1177. “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია”.

1178. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

1179. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ჴმა მაშინ თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი-და-მო, ჰქმნა სწადდა მათკე რებისა. დაიწყეს მოსჴმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

1180. მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლეს მათნი ჴმანი, თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენთვის მზანი!”

1181. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა: “აგერა ჰხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა, ამისთვის ვიწვი, საჴმილი გულსა ეცხელა, ებავთა.

1182. “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა საჴმილი დებულა, ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.