ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1145. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა: “არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა, არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა, მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1146. “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება, აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოჴმარებისა წადება: შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება, ვითა დამივსო საჴმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

1147. “უთხრა: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ახულსა! ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით, – შესახულსა! თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა, არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

1148. “აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეჴმარები? ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები, თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”.

1149. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა, მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა,– ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

1150. “ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა, საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა, არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა, მასზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა!

1151. “რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი, ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი მაშინ-ღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი, უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი-და-მო რბენანი.

1152. “მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი: “მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი, ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი, ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

1153. “გებრძანა, – შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა. – ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა მუნა მე ჴრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა, მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1154. “ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე: ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე, გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე, მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1155. “რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი, მაშინ-ღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი".

1156. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი, მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი. ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი, ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.

1157. “მიდი, უთხარ ჩემმაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები: “მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ, მრავალი დამეჴოცოს მონა მისგან საყვარლები, ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთი ღა მოვბრუნდები".

1158. “ესე უთხარ: “ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,– ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,– ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო".

1159. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა: “არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისა ღა თქმულობა”. მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალ-მულობა. ასრე ჴამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა.

1160. ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერჴთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეჰხედავს ზე წელად ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად, კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.

1161. “რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია, გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია! მე მისთვის ჴელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია, ვით მოიჴმაროს მონამან პატრონსა ზედა ჴრმალია!

1162. “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს, ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს, ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს, შენდობასა ჴორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

1163. ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან, ჴელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან: “მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან, მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

1164. “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა, არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა! ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.