ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1183. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მიხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1184. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1185. ფრიდონ წაჰყვა განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა ცნა მეფემან, ტარიელი მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა გარდაჴდა და თაყვანი სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგვანსა.

1186. გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა, პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანი სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

1187. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების! რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?

1188. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა, ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

1189. დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა. ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა, ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა, დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

1190. “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად, მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად. თვით იგი იაჯს, რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად, ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად.

1191. “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით, ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით, დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით, არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით.

1192. “თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა, მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა, რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა.

1193. “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”. ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა, ადგა, მუხლნი მიუყარნა, იაჯების ვითა მზრდელსა, გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

1194. რა ტარიელ მუჴლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა, შორს უკუ-დგა, თაყვანის სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა. მოაჴსენა: “ჴელმწიფეო, ლხინი ყოვლი უკუქარდა, თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა.

1195. “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა; თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა; ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა, რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა!

1196. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა. კვლა მეფემან თაყვანი სცა, წამორევლო, წადგა წინა, ერთმანერთი მოიმადლეს, მათ ერთსაცა არ ეწყინა.

1197. ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, — ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა, — წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა, მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

1198. მეფე ადგა,მოეგება ყმა გარდაჴდა, რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა. მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა, მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა!?

1199. მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერჴთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან, რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

1200. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა, ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირსა, მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1201. ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ბრძანებ, რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რად-ღა აგვიანებ? მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ, შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

1202. ტარიელსცა მოაჴსენა შესხდეს, ქალსა მიეგებნეს, მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს, მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს, რაცა ძებნეს, ჴელი ჰხადეს ჴრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.