ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

955. “არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი,– არა არ გვითხრა, – ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

956. “როშაქ გვიბრძანა: “ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია, ამისა საქმე – უცხოა, საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია, მით, რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

957. “ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია, მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია, პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია”.

958. “მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვჰკადრეთ ჴელის-ჴელ, არცა თუ წავეკიდენით,– იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

959. “მე როშაქს ვჰკადრე: “გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი”. მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი, თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა-მსწრებელი”.

960. “მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა, მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა, ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

961. “მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა წინა: ვჰკითხე: “მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეცა მინა.”– მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა, ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულთ–მობრძავი დამარჩინა.

962. “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა: უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: “ნუ დასდგებითა, მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა.”–

963. “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა: “მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა, ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა, ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა:

964. “როსანს შევრთოთო”, დულარდუხტს მეფესა უბრძანებია: “ჯერ ქორწინებად არა მცალს აწ გული ცეცხლ-ნადებია შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია”. – ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

965. “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია ქვე-დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია, დაეყოვნების– წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

966. “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია. ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია, მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ჴვრელია,– მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

967. “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები, ათი-ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამ-ათას-სამ-ათასები. – გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!”

*

968. ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მან ვადამან, რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,– შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან: “ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან-ღა დამან!”

969. ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად,– მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად, მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად, ქაჯნი ყველა უჴორცოა, – რამან შექმნა ჴორციელად?

970. “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა, მაგრა ქაჯნი უჴორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?” ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა, არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

971. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, – არიან ერთად კრებულნი, კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

972. “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ, ქართა აღძვრენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ, ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ, სწადდეს , – დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს, – ბნელსა ანათობენ.

973. “ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი, თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი”. – ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი, დიდად მიამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”. –