ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1069. მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა-ზომია”. ეამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე-ასმათ-მჯდომია, დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

1070. პოვეს საჭურჭლე უსახო, კვლა უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა, ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!?

1071. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. პოეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გაჴსნილი.

1072. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ჴმალი ბასრისა, მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გაჴსნას, არის მეფეთა მკვლელიო”.

1073. კიდობანი გახსნეს, პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი, ჯაჭვი, ჴრმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი, ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს– ვითა ლუსკუმანი.

1074. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან ჴმალი რკინისა მოჰკრიან, – ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან,– მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან!

1075. თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, თვითო მათ, ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

*

1076. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა, ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1077. იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1078. “ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად, გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქმს ლაღებად”.

1079. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ჴრმალსა, არ აკვნესებსა”.

1080. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს, ჴმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” ჴმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

1081. შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა. ჴმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზვრიდა დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1082. რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა, – “ვნახეო, ვინცა მინა!” მუზარადი მოიჴადა, გაიღიმა, გაიცინა ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?– პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა?–

1083. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანი სცა. იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა. ფრიდონ ღმერთსა ხელ-აპყრობით უსაზომო მადლი მისცა, დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

1084. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე, მე მზა ვარო, – სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!”– ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე! ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1085. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა. ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა,– მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1086. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”. მან დასდვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1087. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა, დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.