ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

936. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია,– მოყვარე-მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია,– ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

937. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს: “ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

*

938. ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ჴმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა. მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცჴელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა

939. “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა! ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა!–

940. “დღესა ერთსა, საღამო-ჟამ,ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, ვთქვი: კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა.

941. “მო-სით-ვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა,– მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

942. “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი თქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით, არც არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, ჴამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხრათ ბარ ენით”.

943. “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია. –

944. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა: მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

945. “დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა-ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი, – როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქვე ზის მორჭმული წოდია.

946. “გვესმა ამბავი, – ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა! ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ჴმელთა მნათისა!– როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

947. “როშაქ ბრძანა: ”მო-ცა-ვინ-მკლავს, მე ტირილსა არ დავჰხვდები. მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყვები”.

948. “გვითხრა მისთა ჴელისათა: “წავალ, თანა-წამომყევით!” წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

949. “მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა, დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქვით თუ, მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ჴმელსა!– დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

950. “ზოგთა ვთქვით, – არის ცისკარი! ზოგთა ვთქვით, – არის მთვარეო! მას დარაზმულთა მივჰმართეთ, – ახლოსაც ვნახეთ ბარეო შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმა გამოხდა ჴმა, ჩვენი მოუბარეო.

951. “გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენი თქვენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით”. ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით. პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

952. “ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

953. “კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა. არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა.

954. “კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ-მზებრ-ნათელისა,– ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?” მან არ-რა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცჴელისა. რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!