ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1126. “თქვენ უბრძანეთ ჩემმაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა, გამოგზავნოს, – ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვად ღა ვისსა, ვინ მზესაცა უნათლეა, არსე ვითა ბროლი ფისსა!”

1127. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, — წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა — მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა, მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასა ღა მხმობელსა.

1128. ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა, მას მოაქვს, რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ჴმელთა მნათისა.

1129. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა, გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გარესწყდეს ჯარსა სპათასა შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა, ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

1130. ფატმან-ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი, მოეხვია, გარდუკოცნა ჴელი, ფერხი, პირი, ყელი იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი! ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.

1131. ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ-გამწყრალი: “ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გაცამწკრალი, აწ ეგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი, მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვარ არ-დამზრალი”.

1132. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა უხვად გასცემს საბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა, პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს, ვითა ხიდსა.

1133. მუნ იდვის გორი ლარისა, – სტავრისა და ატლასისა,– ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ დანადები ფასისა, იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა, კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

1134. ნესტანდარეჯანს ყაბაჩა, უძღვნა შემკული თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა. – დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა, მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1135. ასმათ ჰკადრა: “მადლი ღმერთსა, ვარდნი ვნახენ არ-დაზრულნი, ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი, სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს, ოდეს გნახენ მხიარულნი, სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი”.

1136. დიდებულთა თაყვანი სცეს, მოაჴსენეს დიდი ქება “რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება! ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა გვწვავს ცეცხლთა დება, წყლულსა, მისგან დაკოდილსა, მასვე ძალ-უც განკურნება”.

1137. მოვიდეს და პირი ჴელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს, იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს, არ იოცნეს, ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ, დიდებანი იასოცნეს.

1138. “თუცა მე მათი დაჴოცა მტკივის და სატკივარია, მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია”. ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია, ნარგისთათ იბრძვის ბორიო, ვარდსა ზრავს იანვარია.

1139. მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს, რაცა ვისცა დაჰკლებოდა, მათ ტირილით, სულ-თქმით ახეს,– დადუმდეს და მოაჴსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს, თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს, რასათვისმცა ივაგლახეს!

1140. “ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა, შეჭირვებასა! თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”. კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნუ რად იქმ გამწარებასა, ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა!”

1141. გადაჴდეს ფრიდონისასა, სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები, ფერჴთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები, თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

1142. მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული, წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის–ყვითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს, დასხდეს მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

1143. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ–ალქატისა, ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,– კვლა ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,– მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა. –

1144. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ჴმასა,– აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა!–

*