ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1032. ყმამან ფრიდონის მონანი უჴმნა, მასთანა ხლებულნი უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1033. “მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, –გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ჴმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,– თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი. –

1034. დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1035. “ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირ-ნახულისა,– კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1036. “იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.

1037. “გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების.

1038. “აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე. – ამის მეტი რაღა გკადრო, – ძმასა ძმურად მოეჴმარე. –

1039. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია. ამოდ მმსახურეს, – თქვენიმცა გული ამათთვის სრულია! ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია? მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, – ესე ბრძენთაგან თქმულია.”

1040. მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მჴარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა, მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა. და ქორწილი ტარიელისა და ნესტანდარეჯანისა. – მისლვა ფრიდონისას და განგრძობა ქორწილისა – ქვაბს მისლვა და იქ დებული საჭურჭლის მიძღვნა ტარიელის მიერ ფრიდონისთვის. –არაბეთს მისლვა, ავთანდილის მიერ შერთვა თინათინისა და მისი გამეფება. – ინდოეთს გამეფება ტარიელისა და ნესტანდარეჯანისა

VIII. კარი მერვე. ავთანდილის დაბრუნება ტარიელთან. – ტარიელის დაბნედა ნესტანდარეჯანის წიგნისა და ნიშნის ნახვისას. – ასმათის ნახვა. – ქვაბს ნახვა დიდი საჭურჭლისა და საკვირველი აბჯრისა. – წასლვა ფრიდონისას. – გალაშქრება ქაჯეთის წინააღმდეგ. – ციხის აღება და ნესტანდარეჯანის ჴსნა. – ზღვათა მეფისა და ფატმანის ნახვა

1041. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ჴელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1042. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსლვა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, – დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, სულ-თქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1043. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა უბრძანა:“გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

1044. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახინს, დაჴოცის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1045. ქვაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!”

1046. “თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მჴეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, იგონებდა, იხედვიდა, ესე თქვა და მიუქცია, მინდორთავე წამოვიდა.

1047. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.

1048. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეჰხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლდებოდა.

1049. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა, ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, ჴმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1050. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, “რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მევ რები.”