ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

974. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი, წყალობა-შენი-იჩქითად -ჩვენზედა-გარდმომფენელი!”

*

975. მას ღამეს ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა, ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა, გული მჴეც-ქმნილი გასჭრია, მჴეცთავე თანა რბოლითა.

976. გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები, მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები ”რაც გეწადდესო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

977. ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!” სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა, მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

978. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად ფატმან ნახა, – გაუკვირდა, – ვაჭრულისა უმოსელად, შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის ჴელთა სასურველად”.

979. პური ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა მისსა შინა, ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა, ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის-წინა”

980. ფატმან მივიდა, ავთანდილს ჴმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო-, ხისა!” გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა, ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

981. ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია, დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია, მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია, ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

982. “გგონივარ ვინმე ვაჭარი, პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა, თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

983. “შენ გიცი კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი, მათ უვის ერთი ასული, მზე ჴმელთა მანათობელი, იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი, მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

984. “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად, მივლია ყოვლი ქვეყანა, – მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”. –

985. ავთანდილ ფატმანს ყველაკაი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ-ნაფუშავისა.

986. “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა, ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კვლა მიჰხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

987. “მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

988. ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-,რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!”– მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი უბრძანა: “ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

989. “აწ გამოჩნდების საჴმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლად დამივსე საჴმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

990. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს-მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო-და-წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

991. “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე. – შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

992. “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული, ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთშიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული, შენ სწერდი შენსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.