ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

1088. უთხრა თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, — ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ჴელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1089. “ქაჯეთს ერთჴელ კვლაც ყოფილვარ, – ჰნახავთ, თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1090. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ, – ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა. – ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა!

1091. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად-შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1092. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან: რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან მივიდეს, აჩნდა ქალაქი, – მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ჴმა ჯარვით გაადიდიან.

1093. ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, – ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია პირს–პირ ომი არ ძალ–გვიც, არ-ჟამი საკვეხარია, ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიჴშან კარია.

1094. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1095. “აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა, მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა, მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა, თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1096. “აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა, ლაშქართა დავჰჴსოც, გავახვამ, – მნახოთ გაღება კარისა! თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

1097. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა, – მტერთა ივაგლახ-ივიან, მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო-ახლო ყივიან!?

1098. “რა გახვიოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, – ამისი ჴამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდიღა ფერება, ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.

1099. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა, სავაჭროდა მოვეკაზმი, საქმესა ვიქმ მე მუხთალსა, ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ჴრმალსა.

1100. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, – გავეცრუები,– ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!–

1101. “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, თქვენ გარეთ კართა ეცემით, ყოველნი, მსგავსად გმირისად კლიტეთა დავჰლეწ, გავახვამ,–მნახოთ აღებად დარისას!– თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

1102. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, თქვენსა ძალ–გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴრმალთა ღირობა, კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ქმნას გაჭირობა.

1103. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: ჴმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს, მზე ვითა, თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, – უომრად მნახოს მე ვითა?!– ესე მე დამსვრის, –ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა!

1104. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას–ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლე ნები.

1105. ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა, მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა, ჴელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა.

1106. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1107. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა-სიტყვა-ბრძენთა, ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდაჰხდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.