... (A-859), 1841 წ.

968. მას ღამესა ფატმან ხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღუნა ძღუენი ტურფა, მიმღებელთა სთქვეს თუ ვარგა. ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს ღ~თო არ დაკარგა. სვეს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გავიდა ღამით გარ გა:-

969. დილასა ლარი ყველაი, უჩუჱნა გაახსნევინა. ტურფანი სეფედ გარდასხეს, ფასიცა დაათვლევინა. ვაჭართა უთხრეს წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა. თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა:-

970. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა. ერთგან სხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა. ფატმანს კლჳდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა:-

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება. წიგნის მიწერა.

971. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის. გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის. მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს რაცა დაესობის. მით დიაცსა სამალავი, არასთანა არ ეთხრობის:-

972. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ნდომა შეუვიდა. სიყუარული მეტის მეტი, მაემატა ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა. იტყჳს რა ვქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა:-

973. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს. თუ არა ვთქუა გავძლო ცეცხლი, არა უფრო გამიხშირდეს. ვსთქუა და მოვკუდე, ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს. მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს:-

974. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი. მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი. მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარხეველი. უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:-

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი.

975. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან, მზედ სწადდი დასაბადებლად. მით შენგან მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად. ახლოს შემყრელთა დამწველად, მათდა ცეცხლისა მადებლად. მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩანს დასაქადებლად:-

976. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთჳს საბრალოდ ბნდებიან. ვარდი ხარ მიკჳრს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან. შენი მშვენება ყვავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან. სრულად დამწვარვარ თუ მზისა, შუქნი არ მამესწრებიან:-

977. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქუჱნსა ამისა თხრობასა. მაგრა რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავჰყრილვარ თმობასა. გული ვერ გასძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა. თუ რას მეწევი მეწივე, თვარა ნუ მივხვდები ცნობასა:-

978. მე ვირე ამა წიგნისა, პასუხი მამივიდოდეს. ვსცნობდე გინდოდე საკულავად, ან ჩემი რა გაგივიდოდეს. მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს. სიცოცხლე ანუ სიკუდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს:-

979. ფატმან ხათუნ დაწერა და, გაუგზავნა წიგნი ყმისა. ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თჳსი. თქუა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი. რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი:-

980. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია. მაგრა მაზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყ~ი, მოკლეა მით ოხერია. რა უთქვამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია:-

981. ესეგუარი საძრახავი, დაუძრახა გულსა შინა. მერმე იტყჳს შენგან კიდე, ჩემი შემწე არავინა. რასათჳსცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა. რათამცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ, გულმან სხვამცა რა ისმინა:-

982. ისი დიაცი აქა ჰზის, მნახავი კაცთა მრავალთა. მოსადგურე და მოყვარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა. მივყუე მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა. ნუთუ რა მარგოს მე მისი, გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა:-

983. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა. აუგი და მოყივნება, არად შესწონს ყოლად კრულსა. რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა. მიჯობს მივყვე განღა სადმე, ვსცნობ საქმესა დაფარულსა:-

984. კულავ იტყჳს ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების. მით რაცა მინდა არა მაქვს, რაცა მაქვს არ მამინდების. ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების. კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების:-

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი.