... (S-2781), XIX ს.

1061. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა თვით ესე ბაღი მისია თქვენისადგომი დღესისა პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა

1062. რა შემოვლენ დიდვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან უჩვენებენ რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან უტურფესსა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს დაყიდიან

1063. თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება დამყენებელთა უბრძანებს ჰმართებდეს ვის დაყენება აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ხსენება გამოგებუა და წაყუანა მას მართებს თქვენი ქენება

1064. ფატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი პურად კარგი მასპინძელი მხიარული არ თუ მქისი მას ვაცნობო მოსლუა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი

1065. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ქმენ რაცა გწადიან მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩასდიან ხათუნსა კადრა ამბავი მე ესე დამიქადიან ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან

1066. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა საროსა ებრი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა მიმიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა

1067. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი მოუკაზმნა ქარვასრანი დააყენა ბარგი მათი შემოვიდა ღაწვივარდი ბროლბადახში მინა სათი მისთა მჭურეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი

1068. ზარი გახდა შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად იქით აქათ იჯრებოდეს ვუჭვრიტოთო ამას რულად ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულწასრულად მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად

ფატმანისაგან ავთანდილის მიგებება და დიდი სიხარული

1069. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა მხიარულად უსალამა მისი ხილვით მოილხინა ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსლვა მისი შევითვატყევ არ ეწყინა

1070. ფატმან ხათუნ თუალად მარჯუჱ არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკუთად კარგი შავგრემანი პირმსუქანი არპირხმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინისმსმელი დია ედუა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

1071. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღუნა ძღუენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღმერთო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა

1072. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნა ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრეს წაიღეთ აკიდა გააწევინა თქვენ ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გამამჟღავნებთ მე ვინა

1073. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას თვისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს კულიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება და წიგნის მიწერა

1074. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და მიგიყოლებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის

1075. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტისმეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრამ ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქმნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1076. მიღმა ვუთხრა ვა თუ გაწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არ ვუთხრა როგორ გავსძლო ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვსთქუა და მოვკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან როგორ კურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1077. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრუელი შემარხეველი უსტარი შესანახავი არცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სააშიკო