... (S-2781), XIX ს.

1042. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა პირსა ფერხთა ხელსა კადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭურეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა — შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

1043. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა შემოქმედსა არსთა მხადსა ვისცა ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა იგი იქმან ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა ხამს სიმართლის დაჯერება ბრძენი სჯერა მოწევნადსა

1044. ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვქმენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი გავასრულე რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა მიმიღია ვითა ძღვენი

1045. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს ამხანაგთათვის ეჯობნოს ვინცა თვის თანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ჰვნებოდეს

1046. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არ ახვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ტურფათ რიცხვი ვითმცა დათვალეს თვისსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს

1047. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ ხსნილნი სიკუდილით ჩ~ნ ვიცით ჩვენი ცვილობა რაცა გუაქუს იგი შენია ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგუცემ გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა

1048. ყმამან შესთუალა ჱე ძმანო წეღანცა მოგისმენია ღ~თსა შეესმა ნაკადი რაცა თქვენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რა ვარ მე გლახ რა მომილხენია რა გინდა მომცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

1049. მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარსაგებელი რას ვაქნევ თქვენსა რად მინდა ოდენ ვარ თქვენი მხლებელი სხუაგან რამე მიძს სხუა საქმე თავისა წასაგებელი

1050. აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არსაკრძალავი საქმე რამე მიც თქვენშიგა თავისა დასამალავი

1051. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა თჳთ თავადია ჩვენი თქუა ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა მე ვაჭრულ სამოსს ჩავიცვამ დავიწყებ ჯუბაჩობასა თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა

1052. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია მოვიდეს და თაყვანის სცეს კადრეს ჩვენი იმედია რაცა აჯა ჩვენ გუმართებდა იგი თქვენვე გიაჯია მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია

1053. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან მიხუდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან შეფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთავე ფერსა სძღვნიდიან

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა ზღვის პირს რომ მივიდა

1054. ზღუა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა გუარად უცხონი ყვავილნი ფერითა მეტად ბევრითა მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ რითა

1055. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა დაჯდა სკამითა მოასხეს კაცნი მზიდავნი დამიზდებულნი დრამითა იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავსა მალავს ამითა

1056. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა მას ყმასა უჭურეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყუა მცთომელსა ვისნი ხართ ვინ ხართ რა ქვიან მეფესა აქა მჯდომელსა

1057. წურილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იხსნების კადრა ვხედავ პირსა თქვენსა მზისა პირად მემეცნების რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების

1058. ესეა ზღუათა სამეფო თვისა ათისა სავლითა თჳთ გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვაზღვა მავლითა მელიქ სურხავი ჴელმწიფობს სრული სვითა და დავლითა

1059. აქა მოსლვითა გაყმდების კაციმცა იყო ბერები სმა გახარება თამაში ნიადაგ არს სიმღერები ზამთარ და ზაფხულ სწორად გუაქუს ყვავილი ფერადფერები ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგიცა ვინა მტერები

1060. დიდვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ პოებენ იყიდიან გაყიდიან მოიგებენ წააგებენ გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროთა ყოვლგნით კრებენ უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ