... (S-2781), XIX ს.

1022. მუნ ქარავანი ურიცხვი იდგა მის ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს სჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა — ქებასა შეასხმიდესა კითხა ვაჭარნო თქვენ ვინ ხართ მათ საუბარი კიდესა

1023. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქო ზნენი კადრეს მზეო შენ აღმოხე სიცოცხლე და ჩვენი მლხენი ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

1024. გარდახდა კადრა ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მაჰმადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისვამს მაჭარნი ზღუათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელსრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი

1025. ჩვენ აქა პოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე ვკითხეთ ღარიბო სით ვინ ხარ რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხუალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე

1026. სთქუა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა ზღუასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისის წვერითა ყუჱლაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

1027. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა შევიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ ძალი არა გუაქუს ომისა ვერ ვსდგა ვართ ვერცა წასრულვართ ღონე წაგვსლვია რჩომისა

1028. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგუცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენთა ამას ვყოფ რაც თქუევ მოგიხდების ვინცა გებრძვის მბრძოლი თქვენი ჩემის ხრმლითა მოცაკუდების

1029. მოქარავნენი აღივსნეს სიხარულითა დიდითა სთქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არა ჩვენებრვე რიდითა აქუს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა

1030. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი გია ძელითა

1031. კიოდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა კრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა ანუ დავხოც იმ ყველასა ან სიკუდილი ჩემი დღესა

1032. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყუასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

1033. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხშენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევება ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრეთა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი

1034. ჩაიცუა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა უშიშრად წადგა შიშშეუვალითა ვითა მხილველნი ჭურეტითა მტერნი დახოცნა ხრმალითა

1035. კიოდეს იგი ლაშქარნი ხმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა სახნისი გებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ზე სდგა არ თურე კრთებოდა კეტი კრა ძელი მოსტეხა ლომს მკლავი არ უდრკებოდა

1036. ძელი მოსტყდა ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გაესწრნეს გარდუხდა მტერთა მიდამომლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

1037. მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა დამალულნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ხმასა

1038. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა მისა გულსა ზოგთა კადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცნა დაიმონნა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად უთქუამს მოციქული — შიში შეიქმს სიყვარულსა

1039. კაცო ძალსა ნუ იქადი ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღ~თი შეგწევს სწორად გაკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ხრმალი

1040. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარული გაეხარნეს არ იახნა კადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

1041. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქუჱს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა სთქუჱს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგუადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა