ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

946. ველს მაშინ მჴეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა: ვერ დაივსებდა საჴმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; და ბაგეთა ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

947. ვარდი ჭკნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟუარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმჴნეოდა; და იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე, მზეო, და!”

948. მზესა ეტყუის: “მზეო, გიტყუი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცდარად, და მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?

949. “თუე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგუამცივნებს, მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არად შესწონს, არაოდეს არ ატკივნებს; და წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკუეთს, ანუ გაამსივნებს”.

950. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყუის მზესა: “აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, და მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

951. “მო, ზუალო, მამიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, და მას ვუთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა”.

952. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, სრულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! და მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?

953. “მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახურითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, და რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენითა.

954. “მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, და ვისმე, ჩემებრსა დააგდებ, გაჰჴდი ცნობითა შმაგითა.

955. ჰე ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, და კალმად გიკუეთ გაწლობილსა ტანსა,წურილსა ვითა თმასა.

956. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვჭკნები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხუდები, ზოგჯერ ვმჭლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები, და მიდი, ვუთხარ, ნუ გასწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

957. “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან, და მას გააგონე, რანიცა ცეცხლნი უშენოდ მდებიან”.

958. აწ გულსა ეტყუის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგჴმობია, რას გარგებს მოკვლა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელ ქმნილსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, და მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

959. “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, სიცოცხლისა იტყვის თუსა; ნუთუ მამხუდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ჴმასა ტკბილსა, არ დასწყუეტდის ცრემლთა რუსა, მისსა ჴმასა თანა ჴმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსსა.

960. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მჴეცნი მოვიდიან, მისვე ჴმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; და იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლი სდიან.

961. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი: კლდით ნადირნი, წყალშიგ თევზნი, ზღვით ნიანგნი, ცით მფრინველნი, ინდოთ,არაბთ, საბერძნეთით, მაშრიყნი და მაღრიბელნი, და რუსნი,სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით ეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

962. ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა, – და ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴრმალსა?”

963. მათ მოაჴსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა; აქამდის მზღვარი თურქთაა, მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა; და ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

964. “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქუეყნისა ჩვენისა, მოყმე მჴნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მამხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ უც მის მზისა ოდნად მშვენისა, და იგია ჩვენი პატრონი, მგზავსი ცით შუქთა მფენისა”.