ვეფხისტყაოსანი, 1963 წ.

917. “კვლაცა იტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

918. “ხადუმნი უჴმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა! დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა! ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა!

919. “არ ვარგ-ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა, – ჩემნი საქმენი სხვანია, თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

920. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგჴოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე– მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.

921. “შემოიჴსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი”.

922. “მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა. ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

923. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.

924. “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. – ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, – გამიკვირდა, მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა, – “რად მაწვეო?”– შემანანა.

925. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, ვირემდის ცნობდეს ჴელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა”.

926. “შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ-მოკვნესი. ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.

927. “დღე მიიყარა, ჴმა გაჴდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

928. “მოჰნახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დახედენ დარბაზის ერთა, – შევლენ ის-ფრითა ღებულნი, მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.

*

929. “მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, – საქმე კვლაცი აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი. – მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. – კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი!–

930. “მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, – მჭლე არის და თვალად ნასი. – ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,– ნეტარ-ძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

931. “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა– არ მოყვარულად, მტერულად, აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად.

932. “დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის-წინა. – ოდეს მეჴმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა შენცა მოხველ, – შემეშინა, ამად გკადრე, ნუ მოხვალო, – მოგაგებე მონა წინა.

933. “აღარ დაბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

934. “თუცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!

935. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”