... (H-403), 1818 წ.

951. თვე ერთისა მოშორება: მზისა ზამთრის გაგვამცივებს჻ მე გლახ ორნი დამიყრიან: გული ამად რად არ ივნებს჻ მაგრა კლდესა არა შესწონს: არაოდეს არ ატკივნებს჻ წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს: გაჰკვეთს ანუ გაასივნებს჻

აქა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუბნების თავის ბუნებასა჻

952. მიმავალი ცასა შესტირს: ეუბნების ეტყჳს მზესა჻ აჰა მზეო გიაჯები: შენ უმძლევთა მძლეთა მძლესა჻ ვინ მდაბალთა გაამაღლებ: მეფობასა მისცემ სვესა჻ მე ნუ გამყრი საყუარელსა: ნუ შემიცვლი ღამედ დღესა჻

ამას სევდიანთა ეტლად იტყჳან჻

953. მო ზუალო მამიმატე: ცრემლი ცრემლსა ჭირი ჭირსა჻ გული შავად შემიღებე: სიბნელესა მიმეც ჴშირსა჻ შემოყარე კაეშანი: ტვირთი მძიმე ვითა ვირსა჻ მას უთხარ თუ ნუ გასწირავ: შენია და შენთვის ტირსა჻

ამას მოსამართლეთა ეტლად იტყჳან჻

954. ჰე მუშთარო გიაჯები: შენ მართალსა ბრჭესა სრულსა჻ მო და უყავ სამართალი: გაებჭობის გული გულსა჻ ნუ ამრუდებ უმართლესა: ნუ წაიწყმედ ამით სულსა჻ მართალი ვარ გამიკითხე: რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა჻

ამას მესისხლეთა ეტლად იტყჳან჻

955. მოდი მარიხო უწყალოდ: დამჭარ ლახურითა შენითა჻ შეცამღებე და შემსვარე: წითლად სისხლისა დენითა჻ მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი: მას გააგონენ ენითა჻ როგორ გასრულვარ შენ იცი: გულია აღარს ლხენითა჻

ამას მკურნალთა ეტლად იტყჳან჻

956. მოდი ასპიროზ მაგრე რა: მან დამწვა ცეცხლთა დაგითა჻ ვინ მარგალიტსა გარეშე: მოსცავს ძოწისა ბაგითა჻ შენ დააშვენებ კეკლუცთა: დაშვენებითა მაგითა჻ ვისმე ჩემებრსა დააგდებს: გაჰხდი ცნობითა შმაგითა჻

ამას მწიგნობართა ეტლად იტყჳან჻

957. ოტარიდო შენგან კიდე: არვის მიგავს საქმე სხვასა჻ მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს: შემიყრის და მიმცემს წვასა჻ დაჯე წერად ჭირთა ჩემთა: მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა჻ კალმად გიკვეთ გაწლობილსა: ტანსა წვრილსა ვით ლერწამსა჻

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყჳან჻

958. მოი მთვარეო შემიბრალე: ვილევი და შენებრ ვმჭლდები჻ მზე გამავსებს მზევე გამლევს: ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვწვლდები჻ მას უამბენ ჰსჯანი ჩემნი: რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები჻ მიდი უთხარ ნუ გამწირავ: მისი ვარ და მისთვის ვჰკუდები჻

959. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი: შვიდნივე მემოწმებიან჻ მზე ოტარიდი მუშთარი: და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან჻ მთვარე ასპიროზ მარიხი: მოვლენ და მოწმად მყვებიან჻ მას გააგონენ რანიცა: ცეცხლი უშენოდ მდებიან჻

960. აწ გულსა ეტყჳს ვითამცა: გდის ცრემლი არ გაგხმობია჻ რას გარგებს მოკლვა თავისა: ეშმა ძმად თურე გძმობია჻ მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა: თმად ყორნის ბოლო სთმობია჻ მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ: ლხინი რა დასათმობია჻

961. თუ დავრჩეო ესე მიჯობს: სიცოცხლისა იტყჳს თუსა჻ ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა: ნუ ვიძახი მიწყივ უსა჻ მიიმღერის ჴმასა ტკბილსა: არ გასწყვეტდის ცრემლთა რუსა჻ მისსა ჴმისა თანა ჴმაცა: ბულბულისა ჰგვანდის ბუსა჻

962. რა ესმოდის მღერა ყმისა: სმენად მჴეცნი მოვიდიან჻ მისვე ჴმისა სიტკბოსაგან: წყლით ქვანიცა გამოსხდიან჻ ისმენდიან გაკვირდიან: რა ატირდის ატირდიან჻ იმღერს ჴმითა საბრალოთა: ღვარისაებრ ცრემლნი სდიან჻

963. მოვიდიან შესამკობლად: ქვეყნით ყოვლნი სულიერნი჻ ტყით ნადირნი წყალში თევზნი: ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი჻ ინდო არაბ საბერძნეთით: მაშრიყით და მაღრიბელნი჻ რუსნი სპარსნი მოფრანგენი: და მისრეთით მეგვიპტელნი჻