... (Q-296), XVIII ს.

987. ქვაბნი წაუხმან დევთათვინ სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს არ ახლად არ ახლებია ვა მართებს მისსა გაყრილსა შავი ხლა თავსა ხლებია

988. ქალი მარტო ქვაბსა შიგან ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართვამს და იმით არჩენს იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი

989. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა დამმარხველისა

990. ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირ მეტყველსა ვით ნადირი კაცთა ჰკრთების ვაიმე მისსა მგონებელსა ვაი მას ვინცა მისთვის კვდების

991. მის ყმისა ცეცხლი მედების დამწვა ცრემლითა ცხელითა შემებრალნეს და გავშმაგდი გავჴე გულითა ჴელითა მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ჴმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი მყოფი გულითა ბნელითა

992. დავეთხოვე და გამიწყრა მეფე მიეცა ჭმუნვასა დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი მით იძახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა ვიქმ იქით აქეთ ბრუნვასა

993. შენი მან მითხრა ამბავი მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა გამომირჩივე სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა

994. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვათა მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

995. ლაშქართა შიგან შეიქმნა ჴმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქვამს ჴმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუვე ვა საწუთროსა ფლიდისა

996. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ ვერ საქებო ვერ სათქმელო ჴმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსმელო მოახლეთა სალხინოო სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

997. რა მოგეშორვე მას აქეთ სიცოცხლე მამძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს მე შენთვის მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩანს მე დია მიმჭირვებია ოჴერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია

998. ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა სული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ ფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა

999. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ წასრულითა

1000. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქეთ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს ვითა ვინ თქვას ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

1001. დასხდეს შეიქნეს პურობა გაამრავლებდენ მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალ ახალსა მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

1002. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა გათენდა ბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა

1003. ყმამან დაყვნა დღენი რამე თუცა ყოვნას ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობას გავიდის და თამაშობდა სწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს თუ რას ჴელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა

1004. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღე კრულსა ცეცხლი მწვავს მოუთმენები გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დავეყენები

1005. მართალ არს შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ჰღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

1006. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღმერთი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემჴობის მაგრა თქვი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის