... (Q-296), XVIII ს.

950. მოდი ასპიროზ მაგრერა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვისმე ჩემებრსა დააგდებ გაჰხდი ცნობითა შმაგითა

ამას მწიგნობრად ეტლად იტყვიან

951. ოტარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა სპასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა წვრილსა ვითა თმასა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

952. მო მთვარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვსჭკნები მზე გამავსებს ზოგჯერ ვსხვდები ზოგჯერ ვმჭლდები მას უამბენ სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მოდი უთხარ ნუ გამწირავ მისი ვარდა მისთვის ვკვდები

953. აჰა მოწმობენ ვარსკვლავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზოალ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყვებიან მას გააგონე რანიცა ცეცხლნი უშენოდ მდებიან

954. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგჴმობია რას გარგებს მოკლვა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქნილსა თმა ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

955. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლესა ეტყვის თუსა – ნუ თუ მომხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიძახი მიწყივ უსა მიიმღერის ჴმასა ტკბილსა არ გასწყუეტის ცრემლთა რუსა მისსა ჴმასა თანა ჴმაცა ბულბულისა გვანდის ბუსა

956. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მჴეცნი მოვიდიან მისვე ჴმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსდიან ისმენდიან გაჰკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

957. მოვიდიან შჶსამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი ტყით ნადირნი წყალში თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდოთ არაბთ საბერძნეთით მაშრიყნი და მაღრიბელნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთნი მეგვიბტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელის რომ გაეყარა

958. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკავ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან მორჩილობს ვისსა ჴმასა

959. მათ მოახსენეს ტურფაო სახით და ანაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის ზღვარი თურქთაა მოზღვრე ფრიდონის მზღვრებითა ჩვენცა ვისნი ვართ გიამბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

960. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მჴნე უხვი ძლიერი ფიცხლად მამხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩენი პატრონი მზგავსი ცით შუქთა მფენისა

961. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქუს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს არ დააგდეს ზღვისა კიდე

962. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ ფიცხელი მაჴვილ ჴმალი აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი ვაი რად დაგვწვენ უცხოს უცხომ რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

963. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი ანუ ეგრეთ ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვსხედით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით ჩვენგან სხდიან მხიარულნი

964. იგი წავიდა დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს მოსთქვამს მისსავე ლხინასა ნარგიზი ქუხს ცრემლსა სწვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

965. ვინც გზას ნახის უცხონი მსახურებდიან ჰყმობდიან მოვიდოდიან საჭვრეტლად მას ზედან სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაუზი მისციან ჰკითხის რა უამბობდიან

966. მულღა ზანზარს მიეახლა ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იძახიან მჴეცსა სჭრიან ვითა მჭელსა