ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

927. “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერ შიქს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭკნობილი. და შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

928. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს გულითა ბრძენითა, გწადდეს ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, და ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

929. “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მგზეფსსა აქავ ქვაბსა მამნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ იეფსა, და ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა მცა ძაღლი ჰყეფსა.

930. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვჰკვდი კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე, და მაშინ გწადდეს, იხარებდი, გწადდეს ჭმუნვა გაადიდე.

931. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი. მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყუი ვარ მჩმუნავი, და არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

932. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამიმეტდეს, არ მამისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს; თუ არ მოგყუეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, და ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

933. “არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის სწორია ყველაი, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა, და უშენოდ მამხუდეს, რაღა ვქნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

934. საუბარი გარდასწყუიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესჴდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი, და ხვალ გაყრის გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.

935. ლექსთა მკითხველო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღურელია! გულმან, გლახ, რა ქნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყურისა გაყრა კაცისა მკულელია, და ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

936. დილა გათენდა, შესჴდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, და მათ ლომთა, მიწყივ მჴეც ქმნილთა, თავნი მჴეცთავე ალამნეს.

937. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოსთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთმენ ენანი! მზემან დაგუწუნა და დაგუდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, და ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი ვაი სიცოცხლისა თმენანი!”

938. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთად იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ჴმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, და ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.

939. ტარიელს ეტყუის ავთანდილ: “რუ გაჴმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მამცემი ამა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, და აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად ფიცისა შენისა”.

940. ტარიელ სიტყვით ასწავლის მჴარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლითკე წადიო, იარე პირსა ზღვისასა, და თუ ნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა”.

941. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყუნეს, ერთგან მიწუნეს ხეთა ძირსა. და ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხუსა, ზოგჯერ ძვირსა.

942. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს; თვალთა, ვითა წყაროს თვალი, ცრემლი ველთა მოადინეს, და დიდხან დგანან შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

943. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოთ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; და იგი ნახეს დაღრეჯილი, მზე დაიღრეჯს მისის ღრეჯით.

წასვლა ავთანდილისგან ფრიდონისას, მილღაზან-ზარს რომ შეეყარა

944. ვაი, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გუაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხური სადით ძირსა?! და მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

945. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ჴმა მისწუდების ცათამდის, იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა ცათამდის. და კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.