... (H-302), 1803 წ.

1038. რაცა მითხრა სიკუდილამდის, არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა არა ყმასა, მოყუარესა არცა მტერსა, მერე უთხარ ყუელაკაი, უსენს კაცსა ლმობიერსა, მოდი მომყევ აქა სადმე, მო გიჩვენებ მზისა ფერსა-

1039. ადგა ამყუა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი, უსენ გაჰკვირდა გაცაჰკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი, ჰსთქუა რა მიჩვენე რა ვნახე, რანია ნეტარ რისანი, თუ ჴორციელი არისმცა, თუალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი-

1040. ვუთხარ არცა რა მე ვიცი, ამისი ჴორციელობა, რაცა არ გითხარ მის მეტი, მაქვს არა მეცნიერობა, მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა-

1041. შევედით გვქონდა ორთავე, კრძალვა მისისა კრძალისა, ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი, გვედების შენგან ალისა, გვითხარ რა არის წამალი, მთვარისა შუქ ნამკრთალისა, რას გარდუქმნიხარ ზაფრანად, შენ ფერად მსგავსი ლალისა-

1042. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით, ესმა ანუ არ ისმენდა, ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა, გუჱლნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რამცა გაგვითენდა-

1043. ვერა დავჰყარეთ პასუხი, ჩვენ საუბრითა ჩვენითა, ვეფხი ავაზა პირ ქუშად, ზის წყრომა ვერ უგრძენითა, კულაცა ვაწყინეთ ატირდა, მჩქეფრად ცრემლისა დენითა, არა ვიციო მიმიშვით, ეს ოდენ გვითხრა ენითა-

1044. დავჰსხედით და მის თანავე, ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გუეთქვა შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ, ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ დავაამეთ, ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ-

1045. უსენ ჰსთქუა ბევრ ათასნი, ჭირნი ამან ამიხოცნეს, ესე ღაწუნი მზისად კმამან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს, უმართლეა ვერა მჭურეტელმან, თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღ~თნ იგი დამიჴოცნეს-

1046. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით ახით, შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით, ვაჭრობისა საქმისაგან, მოვიცალით იგი ვნახით, გული ჩვენი გაუშვებლად, დაეტყვევნეს მისით მახით-

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

1047. რა გარდაჴდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი, უსენ მითხრა არ მინახავს, ძოღანდიდგან მეფე ჩვენი, მივაზირებ წავალ ვნახავ, უდარბაზო უძღუნა ძღუჱნი, მოვახსენე დია ღ~თო, ბრძანებაა ეგე თქვენი-

1048. უსენ ტაბაკსა დააწყო, მარგალიტი და თუალები, დავვედრე დარბაზს დაგხვდების, დარბაზის ერი მთვრალები, ამა ქალისა ჰამბავსა, მამკალ თუ არ ეკრძალები, კულა შემამფიცა არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ჴრმალები-

1049. უსენ მოვიდა ჴელმწიფე, დახვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა, და მეფე მისი მდომელი, წინა წარსდგა შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, აწ ნახე მთურალი ვაჭარი, ცქაფი უწფელი წომელი-

1050. რა მეფემან უსენს წინა, ჰსუა მრავალი დოსტაქანი, კულავ შესუჱს და კვლავ აივსნეს, სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი, დაავიწყდა იგი ფიცნი, რა მუსაფნი რა მაქანი, მართლად თქმულა არა მართებს, ყვავსა ვარდი ვირსა რქანი-

1051. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან, უჭკუოსა უსენს მთურალსა, დია მიკუირს საძღვნოდ ჩვენად, სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა, ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან, ძღვენთა შენთა ნაათალსა-

1052. თაყუანი ჰსცა უსენ ჰკადრა, ჰე მაღალო ჴელმწიფეო, ზეცით შუქთა მამფენელო, მარჩენელო არსთა მზეო, რაცა სხუა მაქვს ვისი არის, ოქრო გინდა საჭურჭლეო, დედის მუცლით რა გამამყუა, მბოძებია თქვენგან მეო-

1053. ამას გკადრებ თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა, სხუა რამე მჰყავს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა, მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მზგავსი მზისა, მაშინ მეტად გაამრავლოთ, თქუჱნ ბრძანება ნეტარძისა-

1054. რას ვაგრძელებდე გატეხა, ფიცი სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა, მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა, უბრძანა დარბაზს მოყუანა, სრულ ქმნა უსენის თქმულისა-

1055. მე აქა ჩემსა ამოდ ვჰჯექ, მუნამდის არ მიკუნესია, შემოდგა კარსა მეფისა, მონათა უხუცესია, თანა ჰყუა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია, მოვიდეს დია გავჰკუირდი, ვჰსთქუი რამე საქმე ზესია-

1056. მისალამეს ფატმან მითხრეს, ბრძანებაა მზისა ჰსწორთა, დღეს რომელი უსენ შესძღუნა, ქალი მჰსგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე წავიყვანო, ვლა არ გვინდა გზათა შორთა, ესე მესმა და დამტყდეს, ცანი რისხვით ეცა გორთა-