... (Q-376), XIX ს.

1043. მუნით წაჳდეს იარეს, არ თურე ხანსა ჰზმიდიან. მიხუდეს ტაროსსა ჰამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან. შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან. მას საჴელოვანს მოყმესა, მონებად გულსა ჰსძღუნიდიან:-

ჰამბაჳ ავთანდილისაგან გულანშაროს მისლჳსა ზღჳსპირს რომ მიჳდა (33)

1044. ზღუა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი მოცული, გარე ბაღისა ტევრითა. გუარად უცხონი ყუავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქუჱყანისა სიტურფე, რით გაგაგონო შენ რითა:-

1045. მათ ბაღთა პირსა დააბეს, ნავი საბლითა სამითა. ავთანდილ ტანსა ჯუბანი, ჩაიცუა დაჯდა სკამითა. მოასხეს კაცნი მზიდავნი, დამზადებულნი დრამითა. იგი ყმა ვაჭრობს თავადობს, და თავსა მალავს ამითა:-

1046. მოჳდა მისი მებაღე, ბაღსა იახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინჳთ, პირსა ელუათა მჰკრთომელსა. ავთანდილ უჴმო ეუბნა, კაცსა არ სიტყუა მცთომელსა. ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქჳან, მეფესა აქა მჯდომელსა:-

1047. წურილად მითხარ ყველაკაი, ყმა მას კაცსა ეუბნების. რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების. ჰკადრა ვჰხედავ პირი შენი, მზისა პირად მემეცნების. რაცა ვიცი მართლად გკადრებ, თქუჱნგან მრუდი არ იქმნების:-

1048. ესეა ზღუათა სამეფო, თჳსა ათისა სავლითა. თჳთ გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა. აქ მოდის ტურფა ყუჱლაჲ, ზღუა ზღუა ნავითა მავლითა. მელიქ სურხაჳ ჴელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა:-

1049. აქა მოსლჳთა გაყმდების, კაცი თუც იყო ბერები. სმა გახარება თამაში, ნიადაგ არს სიმღერები. ზამთარ და ზაფხულ ჰსწორად გუაქუს, ყუაჳლი ფერად ფერები. ვინცა გჳცნობენ გვნატრიან, იგინიც ვინა მტერები:-

1050. დიდვაჭარნი სარგებელსა, ამისებრსა ვერ ჰპოებენ. იყიდიან გაჰყიდიან, მოიგებენ წააგებენ. გლახა თუჱ ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ. უქონელნი წელიწდამდის, საქონელსა დაიდებენ:-

1051. მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა. ესეცა გკადრო ჰამბაჳ, საქმე მისისა წესისა. თჳთ ესე ბაღი მისია, თქუჱნი სადგომი დღესისა. პირუჱლ მას მაჰრთებს ჩუჱნება, ყოვლისა უტურფესისა:-

1052. რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ჰნახუჱნ და ძღუჱნსა ჰსძღუნიან. უჩუჱნებენ რაცა ჰქონდესთ, სხუაგან ლარსა ვერ გაჰხსნიან. უტურფესსა სეფედ დაჰსხმენ, ფასსა მუნუჱ დაუთვლიან. მათ მაშინუჱ ააზატებს, ვით ჰსწადიან და ჰყიდიან:-

1053. თქუჱნებრთა საბატიოთა, მათ მართებს გამოსუჱნება. დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ჰჴსენება. გამოგებვა და წაყუანა, მას ჰმართებს თქუჱნი ქენება:-

1054. ფატმანხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი. პურად კარგი მასპინძელი, მხიარული არ თუ მქისი. მას ვაცნობო მოსლუა თქუჱნი, წაგიყუანოს ვითა თჳსი. წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხუალ ნათლივ დღისი:-

1055. ავთანდილ უთხრა წადიო, აგრე ჰქენ რაცა გწადიან. მებაღე მირბის იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩაჰსდიან. ხათუნსა ჰკადრა ჰამბაჳ, მე ესე დამიქადიან. ყმა მოვა მისთა მჭურეტელთა, შუქნი მზედ გაიცადიან:-

1056. ვაჭარი ვინმე პატრონი, არს ქარავნისა დიდისა. საროსაებრი ნაზარდი, მჰსგვსი ცთომილთა შჳდისა. ჰშუჱნის ჯუბა და მოხვევნა, ძოწეულისა რიდისა. მე მიჴმო მკითხა ჰამბავი, და ნირი ლართა სყიდისა:-

1057. ფატმანხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი. მოუკაზმა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი. შემოჳდა ღაწჳ ვარდი, ბროლბალახში მინა სათი. მისთა მჭურეტთა დაუსახეს, ვეფხსა(3) ტოტი(2) ლომსა (1)თათი(4):-

1058. ზარი გახდა შემოკრბა, ქალაქისა ერნი სრულად. იქით აქათ იჯრებოდეს, ვჰნახოთ მზეა აქ მოსრულად. ზოგნი ჰნდომით შეფრფინჳდეს, ზოგნი იყუნეს სულ წასულად. მათთა ცოლთა მოიძულეს, ქმარნი დაჰრჩნენ გაბასრულად:-

ფატმანისაგან ავთანდილის მიგებება და სიხარული (34)

1059. ფატმან ცოლი უსენისა, გაეგება კართა წინა. მხიარულმან უსალამა, მისი ხილვით მოილხინა. ერთმანერთი მოიკითხეს, შეჳდნენ და დაჰსხდეს შინა. ფატმანხათუნს მოსლუა მისი, შევითვატყევ არ ეწყინა:-

1060. ფატმანხათუნ თუალად მარჯუჱ, არ ყმაწჳლი მაგრამ მზმელი. ნაკუთად კარგი შავგურემანი, პირმსუქანი არ პირჴმელი. მუტრიბთა და მომღერალთა, მოყუარული ღჳნისმსმელი. დია ედუა სასალუქო, დასაბურავ ჩასაცმელი:-