... (Q-376), XIX ს.

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყჳან

946. მოი მთუარეო შემიბრალე, ვილეჳ და შენებრ ვჰმჭლდები. მზე გამავსებს მზევე განმლევს, ხან გავჰხდები ხან ვჰსუქდები. მას უამბენ ჰსჯანი ჩემნი, რა მჭირს ანუ როგორ ვჰბნდები. მიდი უთხარ ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთჳს ვჰკუდები:-

947. აჰა თანჴმობით ვარსკულავნი, შჳდნივე მემოწმებიან. მზე ოტარიდი მუშთარი, და ზუალ ჩემთჳს ჰბნდებიან. მთუარე ასპიროზ მარიხი, მოვლენ და მოწმად მჰყუჱბიან. რაბამ დამწუჱლად და ვითარ, ცეცხლნი უშენოდ მჰდებიან:-

948. აწ გულსა ეტყჳს ვითამცა, გჰდის ცრემლი არ გაგჴმობია. რას გარგებს მოკულა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია. მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა, თმად ყორნის ბოლო ჰსთმობია. მაგრამ თუ ჭირსა არ დაჰსთმობ, ლხინი რა დასათმობია:-

949. თუ დავჰრჩეო ესე მიჯობს, სიცოცხლესა ეტყჳს თუსა. ნუთუ მამხუდეს ხილუა მზისა, ნუ ვიძახი მიწყივ ვუსა. მიიმღერდის ჴმასა ტკბილსა, არ გაჰსწყუჱტდის ცრემლთა რუსა. მისსა ჴმასა თანაჴმაცა, ბულბულისა ჰგუანდის ბუსა:-

950. რა ესმოდისთ მღერა ყმისა, ჰსმენად მჴეცნი მოჳდიან. მისვე ჴმისა სიტკბოსაგან, წყალით თევზნი გამოსხდიან. ისმენდიან განკჳრდიან, რა ატირდის ატირდიან. იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღუარისაებრ ცრემლნი ჰსდიან:-

951. მოვიდიან შესამკობლად, ქვეყნით ყოვლნი სულიერნი. ტყით ნადირნი წყალით თევზნი, ზღჳთ ნიანგნი ცით მფრინველნი. ჲინდოთ არაბთ საბერძნეთით, მაშრიყით და მაღრიბელნი. რუსნი სპარსნი საფრანგელნი, და მისრეთით მეგჳპტელნი:-

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისლუა ტარიელს რომ გაეყარა (31)

952. ყმა მტირალი შჳდ ათს დ[ღ]ესა, ზღჳსა პირსა მივა გზასა. შორით ნახა მენავენი, მოდიოდენ შიგან ზღუასა. მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ, თქუჱნ ამისსა გნუკავთ თქმასა. ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ჴმასა:-

953. მათ მოახსენეს ტურფაო, სახით და ანაგებითა. გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გკადრებთ სიტყუას ქებითა. აქამდის მზღუარი თურქთაა, მომზღურე ფრიდონის მზღურებითა. ჩუჱნცა მისნი ვართ გიამბობთ, თუ ჭურეტით არ დავბნდებითა:-

954. ნურადინ ფრიდონ მეფეა, ამა ქუჱყნისა ჩუჱნისა. მოყმე მჴნე უხჳ ძლიერი, ფიცხლად მამხტომი ცხენისა. ვნება არავის არ ძალუძს, მის მზისა ოდნად მშვენისა. იგია ჩვენი პატრონი, მჰსგავსი ცით შუქთა მფენისა:-

955. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე. მე მეფესა თქუჱნსა ვეძებ, მასწავლეთ თუ სით წაჳდე. რა ვიარო ოდეს მივალ, ან გზასა აქუს რა სიდიდე. მენავეთა უწინამძღურეს, არ დააგდეს ზღჳსა კიდე:-

956. მოახსენეს ესე გზაა, მულღაზანზარს მიმავალი. მუნ დაგხვდების მეფე ჩუჱნი, მშჳლდ ფიცხელი გულად რვალი. აქადაღმე ათ დღე მიხუალ, ნაკუთად სარო ფერად ლალი. რად დაგვწუჱნ უცხომ უცხონი, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი:-

957. ყმამან უთხრა მიკჳრს ძმანო, რად ხართ ჩემთჳს გულმოკლულნი. ანუ ეგრეთ რად გეკეთნეს, ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი. თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვჰსხედით შუჱბა სრულნი. ჩუჱნნი მჭურეტნი დავაშუჱნით, ჩუჱნგან ჰსხდიან მხიარულნი:-

958. იგინი ჰშორდეს დაბრუნდა, ყმა გზასა თჳსსა წინასა. ვისი ჰგავს ტანი საროსა, და ვისი გული ჰრკინასა. მიაცურვებს და მიუბნობს, მოჰსთქუამს თჳსსავე ლხინასა. ნარგიზნი ჰქუხან ცრემლსა ჰსწჳმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა:-

959. ვინც გზასა ნახნის უცხონი, მჰსახურებდიან ჰყმობდიან. მოჳდოდიან საჭურეტლად, მას ზედა ჰსტრფიალობდიან. ეძნელებოდისთ გაშუჱბა, გაყრასა ძლივ დაჰსთმობდიან. გზის ყულაუზი მისციან, ჰკითხის რა უამბობდიან:-

960. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა. მინდორს ნახა სპა ლაშქართა, და ნადირთა ჰგუანდეს მსურველსა. ყოვლგნით ალყა შემოერტყათ, მოსდგომოდეს გარე ველსა. ისურიან და იზახიან, მჴეცთა ჰსჭრიან ვითა მჭელსა:-

961. კაცი ემთხჳა მას ჰკითხა, ჰამბავი მის ლაშქარისა. უბრძანა ისი ვისია, ჴმა ზათქისა და ზარისა. მან ჰკადრა ფრიდონ ჴელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა. იგი ნადირობს შეუკრავს, ნაპირი ველ შამბნარისა:-

962. მათ ლაშქართაკენ წავიდა, მით სატრფიალოს ქცევითა. გამხიარულდა შუჱნება, მის ყმისა ვჰთქვიმცა მე ვითა. მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დაჰსწუავს მზე ვითა. ხილუა მჭურეტელთა აახლებს, ტანი ლელწამობს ხე ვითა:-

963. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა, ორბი სითმე გადმოფრინდა. ყმამან ცხენით შეუტია, გაამაყდა არ შეშინდა. შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი ჰსდინდა. გარდაჴდა და ფრთენი დაჰსჭრნა, წყნარად შეჯდა არ აქშინდა:-