... (H-925), XVIII ს.

945. მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა დაკრთა მათთა ხმალთა ცხენსა მისცნა სადავენი დაგვეკარგა წინა თვალთა

946. ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ დავწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არდასტურობა გამოვიპარე საძებრად მწვიდა ცეცხლი და მურობა

947. იგი ვძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი ვჰპოვე ვარდი მოყუითანე შუქმკრთალი და ფერმიხდილი შემიტკბო და შემიყვ არა ვითა ძმა და ვითა შვილი

948. ქვაბნი წაუხმან დევთათვის სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა სხვა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს არახალ არახლებია ვაი მართებს მისსა გაყრილსა შავი ხლა თავსა ხლებია

949. ქალი მარტო ქვაბსა შიგან ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართმევს და იმით არჩენს იგი ერთგან ვერ დამდგომი მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი

950. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა კლავს სურვილი და ვერ ნახვა მისისა დამმარხველისა

951. ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირმეტყველსა ვით ნადირი კაცთა კრთების ვაი მე მისსა მგონებელსა ვაი მას ვინცა მისთვის კვდების

952. მის ყმისა ცეცხლი მედების დამწვა ცეხლითა მისითა შემებრალნეს და გავშმაგდი გავხე გულითა ხელითა მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი მყოფნი გულითა მქისითა

953. დავეთხოვე და გამიწყრეს მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი მით იზახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეxსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა ვიქ იქით აქათ ბრუნვასა

954. შენი მან მითხრა ამაბავი მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა გამომირჩიე სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭვრეტელთა ლხინისა ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა

955. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა გულ ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ დამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

956. ლაშქართა შიგან შეიქნა ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუვე ვაი საწუთროსა ფლიდისა

957. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ ვერსაქებო ვერსათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო მოახლეთა სალხინოო სიცოცხლეო სულთა მდგუმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

958. რა მოგეშორვე მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს მე შენთვის მამსურვებია შენ უჩემობა ლხინად გჩნას მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია

959. ფრიდონ თქვა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა გული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა არეფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ბურავს გიშრისა ჭერითა

960. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა შეფრფინევდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა

961. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თვით ორნივე ერთგან დასხდეს ვითა ვინ თქვა ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

962. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მძახალი მძახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალ ახალსა მაგრამ მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

963. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა გათენდა ბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შემოსეს დრაკანი ბევრ ათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა

964. ყმამან დაყვა დღენი რამე თუც ყოვნასა ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა სწორად ხოცდა შორს და ახლოს თუ რას ჴელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა