... (H-925), XVIII ს.

ამას მესისხლეთა ეტლად იტყვიან

910. მოდი მარიხო უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი მას გააგონენ ენითა როგორ გასრულვარ შენ იცი გულია აღარს ლხენითა

ამას მკურნალთა ეტლად იტყვიან

911. მოდი ასპიროზ მაგრე რა მან დამწვა ცეცხლთა დაგითა რგვერდზე ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა ვის მეჩემებრსა დააგდებ გახდი ცნობითა შმაგი

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან

912. ოტარიდო შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს შემიყრის და მიმცემს წვასა დაჯე წერად ჭირთა ჩემთა მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა წვრილსა ვითა თმასა

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან

913. მო მთუარეო შემიბრალე ვილევი და შენებრ ვმჭლდები მზე გამავსებს მზევე გამლევს ზოგჯერ ვსხულდები ზოგჯერ ვწულდები მას უანბე სჯანი ჩემნი რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები მიდი უთხარ ნუ გამწირავს მისი ვარ და მისთუის ვკვდები

914. აჰა მმოწმობენ ვარსკვლავნი შვიდნივე მემოწმებიან მზე ოტარიდი მუშთარი და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან მთვარე ასპიროზ მარიხი მოვლენ და მოწმად მყუებიან მაგას გააგონ რანიცა ცეცხლი უშენოდ მდებიან

915. აწ გულსა ეტყვის ვითამცა გდის ცრემლი არ გაგხმობია რას გარგებს მოკვლა თავისა ეშმა ძმად თურე გძმობია მეც ვიცი ჩემსა ხელმქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ ლხინი რა დასათმობია

916. თუ დავრჩეო ესე მიჯობს სიცოცხლისა ეტყვის თუსა ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა ნუ ვიზახი მიწყივ უსა მიიმღერის ხმასა ტკბილსა არ დასწყვეტდის ცრემლთა რუსა მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა გვანდის ბუსა

917. რა ესმოდის მღერა ყმისა სმენად მხეცნი მოვიდიან მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან ისმენდიან გაკვირდიან რა ატირდის ატირდიან იმღერს ლექსთა საბრალოთა ღვარისაებრ ცრემლნი სდიან

918. მოვიდიან შესამკობლად ქუეყნით ყოვლნი სულიერნი კლდით ნადირნი წყალშიგ თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ინდო არაბ საბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბულნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

919. ყმა მტირალი სამოცათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადა კითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან მორჩილობს ვისსა ჴმასა

920. მათ მოახსენეს ტურფაო სახითა და ნაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის მზღვარი თურქთაა მომზღვრელი ფრიდონის ზღურებითა ჩვენცა ვისნი ვართ გიანბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

921. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მამხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა მფენისა

922. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქუენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს არ დააგდეს გზამდის კიდე

923. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი მახვილ ხმალი აქადაღმე ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი ვაი ვაი რად დაგვწენ უცხოს უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

924. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი თქუჱნმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით ჩვენგან სდიან მხიარულნი