ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

907. ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა; უთხრა: “დასთმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; და თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

908. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს; მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვიახლებს, და გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

909. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისთა კლდენი ღარნეს, და აკოცეს და აცატირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

910. ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგუავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ ითქმის კაცთა ენითა და დიდება შენდა, არ მამკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

911. ტარიელ ეტყუის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდენია, საწუთრო ნაცვლად გუატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. და ვა შენი ბრალი დავ, თუარა სიკვდილი ჩემი ლხინია!

912. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გაჴმობილი. და ვა წაჴდა ვარდი პობილი, ვაი, მარგალიტი წყობილი!”

913. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, და გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი!

914. “ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავსჭკნეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, და ნუთუ მოგხუდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო”.

915. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ საჴმილი ჰგებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომე კვლა მიწყივ ჰგებოდა; და ორნივე დასჴდეს, უბნობდეს, რაცა მათ იამებოდა.

916. მწვადი შეიწვეს, შეიქნა პურობა მგზავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, და დასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

917. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუჴდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. და დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუჴდებოდეს.

918. მას ღამესა ერთგან იყუნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავის თავის მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა ხშირნი; და ერთმანერთსა გაუგონეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

919. ტარიელ ეტყუის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთვრალისა, და არ დაივიწყე, მოყურობა მოყურისა წარმავალისა.

920. “აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა; მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კუესითა. ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა. და წადი, მიბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სითა.

921. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად; რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქნელად, და აწ ნობათი ხელობისა მამხვდომია, მით ვარ ხელად”.

922. ავთანდილ ეტყუის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა!” შენვე თქვია, ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? და იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

923. “ღმერთსამცა ესე რად ექნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქნა ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გასჭვრიტეთ, გაიცადენით, და თქვენ ერთმანერთი არ მოგხუდეთ, მე სულნი ამომჴადენით!

924. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, და რასცა მიწურთიხარ, იწუართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

925. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვაჴსენე: “რადგან ჩემი შეუქნია გული ავლად, და არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?”

926. “მან მიბრძანა: “მადრიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ მთვრალულად არ-მაჴმურად, და აწ შევიქცე რა უამბო, “რად მოველო ჯაბან ჴრდლურად?”