... (Q-609), XIX ს.

927. მოდი ასპიროზ მაგრე რა: მან დამწვა ცეცხლთა დაგითა: ვინ მარგალიტსა გარეშე: მოსცავს ძოწისა ბაგითა: შენ დააშვენებ კეკლუცთა: დაშვენებითა მაგითა: ვისმე ჩემებრსა დააგდებს: გაჰხდი ცნობითა შმაგითა:

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან:

928. ოტარიდო შენგან კიდე: არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს არ გამიშვებს: შემიყრის და მიმცემს წვასა: დაჯე წერად ჭირთა ჩემთა: მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა: კალმად გიკვეთ გაწლობილსა: ტანსა წვრილსა ვითა ლერწამსა:

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყვიან:

929. მოი მთვარეო შემიბრალე: ვილევი და შენებრ ვმჭლდები: მზე გამავსებს მზევე გამლევს: ზოგჯერ ვჭლდები ზოგჯერ ვმჭლდები: მას უამბენ სჯანი ჩემნი: რა მჭირს ანუ როგორ ვბნდები: მიდი უთხარ ნუ გამწირავ: მისი ვარ და მისთვის ვკუდები:

930. აჰა მმოწმობენ ვარსკულავნი: შვიდნივე მემოწმებიან: მზე ოტარიდი მუშთარი: და ზუჰულ ჩემთვის ბნდებიან: მთვარე ასპიროზ მარიხი: მოვლენ და მოწმად მყვებიან: მას გააგონენ რანიცა: ცეცხლი უშენოდ მდებიან:

931. აწ გულსა ეტყვის ვითამცა: გდის ცრემლი არ გაგჴმობია: რას გარგებს მოკლვა თავისა: ეშმა ძმად თურე გძმობია: მეც ვიცი ჩემსა ჴელმქმნელსა: თმად ყორნის ბოლო სთმობია: მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ: ლხინი რა დასათმობია:

932. თუ დავრჩეო ესე მიჯობს: სიცოცხლისა ეტყვის თუსა: ნუთუ მამხვდეს ნახვა მზისა: ნუ ვიძახი მიწყივ უსა: მიიმღერის ჴმასა ტკბილსა: არ გასწყუეტდის ცრემლთა რუსა: მისსა ჴმისა თანა ჴმაცა: ბულბულისა ჰგვანდის ბუსა:

933. რა ესმოდის მღერა ყმისა: სმენად მჴეცნი მოვიდიან: მისვე ხმისა სიტკბოსაგან: წყლით ქვანიცა გამოსხდიან: ისმენდიან გაკვირდიან: რა ატირდის ატირდიან: იმღერს ლექსთა საბრალოთა: ღვარისაებრ ცრემლნი სდიან:

934. მოვიდიან შესამკობლად: ქვეყნით ყოვლნი სულიერნი: ტყით ნადირნი წყალში თევზნი: ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი: ინდო არაბ საბერძნეთით: მაშრიყით და მაღრიბელნი: რუსნი სპარსნი მოფრანგენი: და მისრეთით მეგვიპტელნი:

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა:

935. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა: შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა: მოიცადა კითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა: ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ჴმასა:

936. მათ მოახსენეს ტურფაო: სახით და ანაგებითა: გვეუცხოვე და გვეკეთე: მით გეუბნებით ქებითა: აქამდის მზღვარი თურქთაა: მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა: ჩვენცა ვისი ვართ გიანბობთ: თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა:

937. ნურადინ ფრიდონ მეფეა: ამა ქვეყნისა ჩვენისა: მოყმე მხნე უხვი ძლიერი: ფიცხლად მამხტომი ცხენისა: ვნება არავის არ ძალუც: მის მზისა ოდნად მშვენისა: იგია ჩვენი პატრონი: მსგავსი ცით შუქთა ფენისა:

938. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო: კარგთა კაცთა გარდგეკიდე: მე მეფესა თქვენსა ვეძებ: მასწავლეთ თუ სით წავიდე: რა ვიარო ოდეს მივალ: ან გზასა აქუს რა სიდიდე: მენავეთა უწინამძღურეს: არ დააგდეს ზღვისა კიდე:

939. მოახსენეს ესე გზაა: მულღაზანზარს მიმავალი: მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი: მშვილდ ფიცხელი მახვილ ხრმალი: აქადაღმე ათ დღე მიხვალ: ნაკვთად სარო ფერად ლალი: ვაჲ რად დაგვწვენ უცხოდ უცხომ: რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი:

940. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო: რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი: ანუ ეგრეთ ვით გეკეთნეს: ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი: თქვენმცა მაშინ გენახენით: ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი: ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით: ჩვენგან სხდიან მხიარულნი:

941. იგი წავიდა დაბრუნდა: ყმა გზასა თავის წინასა: ვისი გავს ტანი საროსა: და ვისი გული რკინასა: მიაცურვებს და მიუბნობს: მოსთქუამს მისსავე ლხინასა: ნარგისი ქუხან ცრემლსა სწვიმს: ჩარცხის ბროლსა და მინასა:

942. ვინცა გზას ნახნის უცხონი: მსახურებდიან ყმობდიან: მოვიდოდიან საჭვრეტლად: მას ზედა სტრფიალობდიან: ეძნელებოდის გაშვება: გაყრასა ძლივ დასთმობდიან: გზის ყულაოზი მისციან: კითხის რა უამბობდიან:

943. მულღაზანზარს მიეახლა: ადრე დალევს გზასა გრძელსა: მინდორს ნახა სპა ლაშქართა: და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა: ყოვლგნით ალყა შემოეკრა: მოსდგომოდეს გარე ველსა: ისვრიან და იზახიან: მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა: