... (Q-609), XIX ს.

964. ქვაბნი წაუხმან დევთათვის: სრულად გამესისხლებია: მუნ ასმათ ახლავს მარტოსა: სხვა არვინ უახლებია: მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს: არ ახალ არ ახლებია: ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა: შავი ხლა თავსა ხლებია:

965. ქალი მარტო ქუაბსა შინა: ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი: ყმა ნადირსა უნადირებს: ლომის ლეკვსა ვითა ლომი: მიართვამს და იმით არჩენს: იგი ერდგან ვერ დამდგომი: მისგან კიდე სანახავად: არა უნდა კაცთა ტომი:

966. მე უცხოს უცხო მანატრა: მოსმენა სანატრელისა: მითხრა ამბავი მისი და: მისისა სასურველისა: რა ჭირნი დასთმინა ვერ იტყვის: აწ ენა ესე ჴელისა: ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა: მისისა სასურველისა:

967. ვითა მთვარე დაუდგრომლად: იარების არ დადგების: მასვე ცხენსა შენეულსა: ზის აროდეს გარდახდების: არას ნახავს პირ მეტყველსა: ვით ნადირი კაცთა ჰკრთების: ვაი მე მისსა მგონებელსა: ვაი მას ვინცა მისთვის კვდების:

968. მის ყმისა ცეცხლი მედების: დამწვა ცეხლითა მისითა: შემებრალნეს და გავშმაგდი: გავჴე გულითა ჴელითა: მამინდა მისთა წამალთა: ძებნა ზღვითა და ჴმელითა: შევიქეც ვნახენ მეფენი: მყოფნი გულითა მქისითა:

969. დავეთხოვე და გამიწყრა: მეფე მიეცა ჭმუნვასა: დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი: მით იძახიან მუნ ვასა: გამოვეპარე დავეხსენ: სისხლისა ცრემლთა წურვასა: აწ ვეძებ მისთა წამალთა: ვიქ იქით აქათ ბრუნვასა:

970. შენი მან მითხრა ამაბავი: მისგან ძმობისა შენისა: აწ მიპოვნიხარ უებრო: შენ საქებელი ენისა: გამომირჩივე სით მიჯობს: ძებნა მის მზისა ზენისა: მისთა მჭვრეტელთა ლხინისა: ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა:

971. აწ ფრიდონ იტყვის სიტყვითა: მის ყმისა ნაუბარითა: ორნივე სწორად მოსთქმიდეს: მოთქმითა საქებარითა: გულ ამოსკვნილნი გულითა: ტირან ვერ დამთმობარითა: მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა: რწყვენ ტევრთა საგუბარითა:

972. ლაშქართა შიგან შეიქმნა: ჴმა ტირილისა დიდისა: ზოგთაგან ხოკა პირისა: ზოგთაგან სრევა ქედისა: ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად: გაყრილი წლისა შვიდისა: უხანობა და სიცრუე: ვაჲ საწუთროსა ფლიდისა:

973. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ: ვერ საქებო ვერ სათქმელო: ხმელთა მზეო სამყაროსა: მზისა ეტლთა გარდამხმელო: მოახლეთა სალხინოო: სიცოცხლეო სულთა მდგმელო: ცისა ეტლთა სინათლეო: დამწველო და დამანთქმელო:

974. რა მოგეშორვე მას აქათ: სიცოცხლე მამძულვებია: თუცა შენ ჩემად არა გცალს: მე შენთვის მამსურვებია: შენ უჩემობა ლხინად გჩანს: მე დია მიმჭირვებია: ოხერ სიცოცხლე უშენოდ: სოფელი გამარმებია:

975. ფრიდონ თქუა ესე სიტყვანი: მოთქმითა შვენიერითა: გული დაიღეს დადუმდეს: მივლენ არ თურე მღერითა: ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს: ტურფითა აერ ფერითა: მელნისა ტბათა მიჯარვით: ბურავს გიშრისა ჭერითა:

976. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა: სრა მოკაზმული სრულითა: სახელმწიფოთა ყოვლითა: გასაგებლითა სრულითა: მონანი ტურფად მოსილნი: წესითა იყვნეს სრულითა: შეჰფრფინევდიან ავთანდილს: გულითა სულ წასრულითა:

977. შევიდეს და დიდი შექმნეს: ჯალაბობა არ ხალვათი: იქით აქათ დიდებულნი: წარიგებით ათჯერ ათი: თვით ორნივე ერდგან დასხდეს: ვინმცა ვინ თქვას ქება მათი: ბროლ ბალახშსა აშვენებდა: ზოგან მინა ზოგან სათი:

978. დასხდეს შეიქმნა პურობა: გაამრავლებდეს მახალსა: უმასპინძლებდეს ავთანდილს: ვითა მძახალი მძახალსა: მოიღებდიან ჭურჭელსა: ტურფასა ახალ ახალსა: მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა: გული მიეცა გლახ ალსა:

979. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა: ნადიმი მსმელთა ჯარისა: გათენდა ბანეს ავთანდილ: რიცხვი ძეს მუნ ატლასისა: შესამოსელი შემოსეს: დრაჰკნისა ბევრ ათასისა: შეარტყეს წელთა სარტყელი: დაუდებელი ფასისა:

980. ყმამან დაყვნა დღენი რამე: თუცა ყოვნასა ვერა სთმობდა: ფრიდონს თანა ნადირობად: გავიდეს და თამაშობდა: სწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს: თუ რას ჴელსა მიაპყროდა: მისი სროლა მშვილდოსანსა: ყველაკასა აწბილობდა:

981. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს: ჩემი აწ მონახსენები: მე თქვენი გაყრა სიკუდილად: მიჩს და მით თავსა ვევნები: მაგრა არა მცალს დღე კრულსა: ცეცხლი მე სხვათა მედების: გზა გრძელი საქმე სასწრაფო: მიც დია დამეყოვნები:

982. მართალ არს შენი გამყრელი: თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა: დღეს წაუვალი ვერა ვარ: მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა: დგომა მგზავრისა ცთომაა: კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა: სადა გინახავს იგი მზე: წამომყევ ზღვისა კიდესა:

983. ფრიდონ უთხრა დასაშლელი: ჩემგან არა არ გეთხრობის: ვიცი რომე აღარა გცალს: შენ ლახვარი სხვა გესობის: წადი ღ~თი გიწინამძღვრებს: შენი მტერი დაემხობის: მაგრა თქვი თუ უშენობა: ჩემგან ვითა დაითმობის: