... (A-859), 1841 წ.

930. თქუჱნ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი. შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხრჩენით თანა კარნი. მარტო მნახეთ ვით შევიბა, ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი. ღ~თსა უნდეს მეკობრეთა, სისხლნი ნახოთ მონაღვარნი:-

931. ჩაიცვა ტანსა აბჯარი, ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ჴელთა კეტი რკინისა, ჰქონდა ხელითა ცალითა. ნავისა თავსა გულითა, წასდგა შიშ შეუალითა. ვითა მჭურეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დაჰხოცნა ჴმალითა:-

932. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გასწყდებოდა. აძგერეს ძელი რომელსა, ზედა სახნისი გებოდა. ყმა ნავის თავსა უშიშრად, ქვე დგა არ თურე კრთებოდა. კეტი ჰკრა ძელი მოტეხა, სხვით არათ არ მიტყდებოდა:-

933. ძელი მოსტეხა ავთანდილ, დარჩა ნავ დაულეწელი. შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა სძებნეს გარდსახვეწელი. ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა, მტერთა მი და მო მლეწელი. არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი:-

934. მათ ლაშქართა გულ უშიშრად, ასრე ჰხოცდა ვითა თხასა. ზოგნი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა. ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა. დამალულნი მკუდართა შუა, იმალვიან ჰმალვენ ჴმასა:-

935. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა გულსა მისსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვჰხოცო შენსა რჯულსა. არ დაჴოცნა დაიმონა, დარჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყჳს მოციქული, შიში შეიქს სიყუარულსა:-

936. კაცო ძალსა ნუ იკვეხი, ნუცა მოკვეხ ვითა მთრუალი. არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი. დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი. ღ~თი გფარავს სწორად გაკვეთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴმალი:-

937. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა. ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუძახნა. უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა. ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა:-

938. ავთანდილის მაქებელთა, ათასიმცა ენა უნდა. ვერცა მათ თქვეს ნაომრობა, რაგვარ ტურფად დაუშვენდა. ქარავანმან იზრიალა, თქვეს უფალო მადლი შენდა. მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა:-

939. მოეგებნეს აქ აკოცებდეს, თავსა პირსა ფერხთა ხელსა. ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა. მისი ჭვრეტა გააშმაგებს, კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა. შენგან დავრჩით ჩუჱნ ყველანი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა:-

940. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა, შემოქმედსა არსთა მხედსა. ვისგან ძალნი ზეციერნი, გააგებენ აქა ქნადსა. იგი იქმნას ყველაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა. ჰჴამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი ჯერა მოწევნადსა:-

941. ღ~თნ სულსა ეგოდენსა, თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქენი. აწ დავჴოცენ მტერნი თქუჱნნი, გავასრულე რაცა ვსთქვენი. ნავი სრულად საქონლითა, მამიღია ვითა ძღვენი:-

942. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს. ამხანაგთათჳს ეჯობნოს, ვინცა მას თანა ხლებოდეს. მიულოცვიდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს. შუჱნოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს:-

943. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღე ნახეს არ ახვალეს. მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ამარიმცა ვით დათვალეს. მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოსცალეს. დალეწეს და ზოგი დასწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს:-

944. ავთანდილს უსამ მოართვა, ვაჭართა შემოთვლილობა. შენგან ვართ დამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა. რაცა გვაქუს იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა. რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა:-

945. ყმამან შესთუალა ჱე ძმანო, წეღანცა მოგისმენია. ღ~თსა შეესმა ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია. მან დაგარჩინა მე რა ვარ, მე გლახ რა მომილხენია. რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია:-

946. მე თუმცა რაცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი. ჩემსაცა მქონან ურიცხვი, უსახო ლარ საგებელი. რას ვაქნევ თქუჱნსა რასგინდა, ოდენ ვარ თქვენი მხლებელი. სხუაგან რამე მიძს სხვა საქმე, თავისა წასაგებელი:-

947. აწ რაცა აქა ვიშოვე, საჭურჭლე დაუთვალავი. რაცა ვის გინდა წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი. ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არ საკრძალავი. საქმე რამე მიძს თქუჱნ შია, თავისა დასამალავი:-

948. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით, არ თქვენსა პატრონობასა. თჳთ თავადია ჩვენი თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა. თქუჱნ შემინახეთ ნამუსი, თქუჱნსა და ჩემსა ძმობასა:-

949. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია. მოვიდეს და თაყუანისცეს, ჰკადრეს ჩვენი იმედია. რაცა აჯა ჩუჱნ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია. მას ვმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგვიცდია:-